logo
ENG



Politico: აშშ-ში არ გამორიცხავენ, ბრძოლაში მარცხის ფონზე, პუტინმა ქიმიური იარაღი გამოიყენოს

24 ნოე 202209:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/24/tel0rdz9pfydxrm.jpg

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა NATO-სთან ბირთვულ კონფრონტაციამდე, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს, თუ რუსეთის ჯარები გააგრძელებენ ტერიტორიის დაკარგვას.

ინფორმაციას გამოცემა 6 ინფორმირებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისა და თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები არიან.

Politico-სთან საუბარში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აშშ-ს ამ ეტაპზე არ გააჩნია დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ვარაუდობს, რომ ასეთი თავდასხმა უკრაინაში გარდაუვალია, თუმცა ამბობენ, რომ პენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა ჯგუფები, რომლებმაც ქიმიური ან ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საბრძოლო მოქმედებები ზამთრის თვეებში შეჩერდება და როგორც რუსული, ასევე უკრაინული მხარე ვერ შეძლებს დიდი ნაწილის დაკავებას.

"მაგრამ ბრძოლის ველზე მუდმივი დანაკარგების ან რუსული არმიის სრული დაშლის შემთხვევაში, ამ საკითხზე მომუშავე ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა დაადგინა, რომ მოსკოვმა შესაძლოა მიმართოს ქიმიური იარაღის გამოყენებას - მათ შორის ისეთსაც, რომლებთანაც ქვეყანა ასოცირდება ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენების გამო", - ვკითხულობთ სტატიაში.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ასეთი თავდასხმები გულისხმობს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლის დამალვაც მარტივად არის შესაძლებელი და რაც დასავლეთის ქვეყნებს გაურთულებს მომხდარის მოსკოვთან დაკავშირებას.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თავიდან, შესაძლოა გამოიყენოს ქიმიური იარაღი, შემდეგ კი, NATO-სთან ბირთვულ კონფრონტაციას მიმართოს, თუ ბრძოლის ველზე დაკარგავს პოზიციებს.

 


close დახურვა