logo
ENG



R2: ბოკოვი ჩვენთან გამოგზავნილ წერილში გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან კავშირს უარყოფს

19 აგვ 202022:14
3 წუთის საკითხავი
 
o7e4e2kl4wgg3pi.jpg

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, მათ რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებიდან შუამავლის გავლით ვასამბეკ ბოკოვისგან წერილი მიიღეს. რუსეთის მოქალაქე ბოკოვი ქართულმა სპეცსამსახურებმა ივნისში დააკავეს. რამდენიმე დღეში მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ბოკოვი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მოგვიანებით ინფორმაცია სუს-მაც დაადასტურა. 

რუსთავი 2-ის ცნობით, ბოკოვი მათთვის გაგზავნილ წერილში გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან კავშირს უარყოფს და აბსოლუტურად განსხვავებულ ამბავს ყვება საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზებზე. მისი თქმით, მრავალ მიზეზთა შორის, იგი საქართველოში პანკისში არსებულ დაპირისპირებაში შუამავლობის მიზნით ჩამოვიდა. 

"მე დღეს გადავწყვიტე გავასაჯაროვო სრული სიმართლე, მოვყვე ის, რაც სინამდვილეში მოხდა და გავაცნო საზოგადოებას ზუსტი რეალობა. ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი პანკისში მცხოვრები ორი დაპირისპირებული ოჯახის შერიგება იყო. ამ წლის დასაწყისში ჩემმა ახლობლებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მოხდა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში.

დაპირისპირების შედეგად უნებლიედ დაიღუპა ერთი ადამიანი, რამაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა და შედეგებიც შესაბამისი იქნებოდა. ამ საგანგაშო ვითარებამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მომეგვარებინა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. სწორედ ამ მიზნით რამდენჯერმე ვესტუმრე პანკისს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ", - წერია რ2-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. 

რუსთავი 2-ის ცნობით, მათ პანკისში ბოკოვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება სცადეს. 

"წერილის ავტორი პანკისში არც ფოტოსურათით და არც ვასამბეკ ბოკოვის სახელითა და გვარით ეცნობათ. ხეობაში მხოლოდ რამდენიმე თუ მოიძებნება, ვინც ამ პიროვნებას იცნობს, თუმცა არა ვასამბეკ ბოკოვის, არამედ ახმედის სახელით. ირკვევა, რომ დაკავებულს ყველაზე ხშირი კონტაქტი ხანგოშვილებთან ჰქონდა. დღეს ეს ოჯახი დუმს", - წერს რ2. 

რ2-ის ცნობით, ბოკოვი საკუთარ წერილში საქართველოში ჩამოსვლის კიდევ ერთ მიზეზად ბიზნესის წამოწყებას ასახელებს, რაც, მისი თქმით, კოვიდპანდემიის გამო ვეღარ მოახერხა. 

"გარდა ამისა, მე მსურდა საქართველოში ბიზნესის წამოწყება. ჩემმა თანამემამულეებმა შემომთავაზეს დავკავებულიყავი საავტომობილო ბიზნესით. დავინტერესდი და დავიწყე ადგილობრივი ბაზრის შესწავლა. ვიყიდე ავტომობილი. ვაპირებდი, რომ კიდევ მეყიდა და უკრაინაში გადამეყვანა.

ამ ბიზნესისთვის ოჯახური ბიუჯეტიდან ფულიც გამომიგზავნეს, მაგრამ დაიწყო საყოველთაოდ ცნობილი კორონავირუსის პანდემია და ჩემი ბიზნესპროექტის განხორციელება ვეღარ მოვახერხე. იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი საქართველოში. საზღვრები ჩაკეტილი იყო და გადაადგილება - შეფერხებული. უკან, უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა მხოლოდ ივნისში გამიჩნდა" - წერია რ2-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. 

რ2-ის ცნობით, ბოკოვი აცხადებს, რომ დღემდე უსაფუძვლოდ იმყოფება საპატიმროში, ვინაიდან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

"4 - 12 ივნისს მე გაუგებარი მიზეზით, სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს და დღემდე პატიმრობაში მამყოფებენ. შემდგომში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დამაპატიმრეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, რომელთანაც მცირედი კავშირიც კი არ მაქვს. სახელმწიფო ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას იღებს და დღემდე მამყოფებს პატიმრობაში ერთადერთი მიზნით, რომ ჩააწყნაროს ჩემი საქმის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური აჟიოტაჟი," - აღნიშნავს ბოკოვი რ2-ის მიერ გასაჯაროვებულ წერილში.

12 ივნისს სპეცოპერაციის შედეგად ვასამბეკ ბოკოვი ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს. 15 ივნისს ჯერ "ტვ ფორმულამ" შემდგომ კი "მთავარმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის იყო ჩამოსული. 

სუს-მა იმავე საღამოს დაადასტურა, რომ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. 

ბოკოვის ჩამოსვლას თავად მედიაგამოცემები 2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" გასულ მონოლოგს უკავშირებდნენ, როდესაც გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა. 

მოგვიანებით, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა. კადიროვი გაბუნიას საჯაროდ დაემუქრა და მას დამალვა ურჩია. 


close დახურვა