მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 29 პუნქტით დაქვეითდა და 180 ქვეყანას შორის, 59,30 ქულით 89-ე ადგილს იკავებს. ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაცია Reportes Without Borders-მა (RSF) მოამზადა. 2021 წელს მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო მე-60 ადგილზე იყო და 71,36 ქულა ჰქონდა მინიჭებული.
ინდექსი ხუთი ინდიკატორისგან შედგება - პოლიტიკური, ეკონომიკური, კანონმდებლობა, სოციალური ინდიკატორი და უსაფრთხოება.
როგორც ორგანიზაცია თავის ანგარიშში აღნიშნავს, 2021 წელს ჟურნალისტებზე უპრეცედენტო რაოდენობის თავდასხმა განხორციელდა. RSF-ის თანახმად, ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა ჩვეულებრივი მოვლენაა.
"აგრესორებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. 2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციის დროს 50 რეპორტიორზე ხანგრძლივი და სასტიკი თავდასხმა, სამართალდამცავების თვალწინ, უპრეცედენტო უკუსვლა იყო. ამ მოვლენის გამოძიებისას გამჭვირვალობისა და პროგრესის არქონა აჩვენებს იმათ დაუსჯელობას, ვინც ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მედიის თავისუფლების ინდექსის პირველ ათეულში არიან: ნორვეგია, დანია, შვედეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, პორტუგალია, კოსტა რიკა, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი.