Reuters-ის ინფორმაციით, კლიმატის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი გერმანიის პოლიციამ დასავლეთ გერმანიის სოფელ ლუცერატში ქვანახშირის მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავა.
რეგიონის პოლიციის სამმართველოს სპიკერმა თქვა, რომ ჯერ არ არის ნათელი რა ბედი ეწევა ტუნბერგს, რომელიც გასულ კვირას შეუერთდა აქციას.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია სოფლის დანგრევა იმისათვის, რომ ქვანახშირის მაღარო გაფართოვდეს. მაღარო ენერგეტიკულ გიგანტ RWE-ს ეკუთვნის.
გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მაღაროს გაფართოება სათბურის გაზების დიდი რაოდენობის გამოფრქვევას გამოიწვევს.
მთავრობა და კომპანია RWE ამტკიცებენ, რომ ქვანახშირი გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.