ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების გეგმას განიხილავენ, თუმცა თეირანი კატეგორიულად უარს ამბობს ჰორმუზის სრუტის გახსნაზე დროებითი ზავის სანაცვლოდ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამშვიდობო ინიციატივა ითვალისწინებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც 15-20 დღეში უფრო ფართო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. თუმცა ირანის პოზიცია ამ ეტაპზე მკაფიოა - ქვეყანა არ აპირებს სტრატეგიული სრუტის გახსნას დროებითი შეთანხმების ფარგლებში და არ მიიღებს გარედან დაწესებულ ვადებსა და ზეწოლას.
დონალდ ტრამპმა თეირანს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა და გააფრთხილა, რომ შეთანხმების არმიღების შემთხვევაში ქვეყანას „ჯოჯოხეთურ“ დარტყმებს მიაყენებს. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ სამშაბათამდე მიღწეულ იქნას შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გახსნას - ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მარშრუტს, რომლის გავლით მსოფლიო ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირდება.
ჰორმუზის სრუტე ირანმა ფაქტობრივად დახურა მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის იერიშებს უპასუხა. ენერგეტიკული მარშრუტის ბლოკირება თეირანის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად რჩება გლობალურ ბაზრებზე ზეწოლისთვის.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაეიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „შეუთავსებელია ულტიმატუმებთან და ომის დანაშაულის მუქარასთან“ და ირანის მოთხოვნები კომპრომისად არ უნდა იქნეს აღქმული.
მოლაპარაკებებში შუამავლობის როლს პაკისტანი ასრულებს. წყაროს ცნობით, ქვეყნის არმიის მეთაური, ასიმ მუნირი კონტაქტზე იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან, სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან.
ცნობისთვის, ამჟამად სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მცირედითაა გააქტიურებული, თუმცა მაჩვენებლები ომამდელ პერიოდთან შედარებით კვლავ 90%-ით ნაკლებია.
