logo
ENG



Reuters: ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავს

23 ნოე 202413:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/23/l40y6zksqg47s36.jpeg

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს. როგორც Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული თანამდებობაზე ტრამპი რიჩარდ გრენელს განიხილავს, რომელიც დაზვერვის ყოფილი უფროსია.

ტრამპის ადმინისტრაციაში გრენელი გერმანიაში აშშ-ის ელჩი იყო, ხოლო 2020 წელს ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

ოთხი წყარო, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობს, აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, როცა რუსეთი და უკრაინის ომის საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა არ არსებობს, ტრამპი ასეთის შექმნას განიხილავს. საბოლოოდ ტრამპმა შეიძლება გადაწყვიტოს, აღარ შექმნას მსგავსი პოზიცია, თუმცა იგი სერიოზულად განიხილავს აღნიშნულ საკითხს. როგორც წყაროები ამბობენ, თუ ტრამპი ამას იზამს, შეიძლება სპეციალურ წარმომადგენლად სხვაც დაინიშნოს, რადგანაც არ არსებობს გარანტია, რომ გრენელი შეთავაზებას მიიღებს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინაში კონფლიქტს მალე დაასრულებდა, თუმცა არ უთქვამს, როგორ აპირებდა ამას.

Reuters აღნიშნავს, რომ გრენელის ზოგიერთმა პოზიციამ, შესაძლოა, უკრაინის ლიდერები დააფიქროს. ივლისში Bloomberg-ის მიერ გამართული მრგვალი მაგიდის დროს მან მხარი დაუჭირა "ავტონომიური ზონების" შექმნას, როგორც კონფლიქტის მოგვარების გზას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

გრენელის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მას ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერა აქვს და ღრმად იცნობს ევროპულ საკითხებს. გერმანიაში ელჩად მუშაობის გარდა, იგი ასევე იყო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სერბეთისა და კოსოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.


close დახურვა