logo
ENG



Reuters: ტრამპი სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიოს განიხილავს

12 ნოე 202409:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/12/pe0t0ugcs1ukaep.jpg

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა სენატორი მარკო რუბიო დანიშნოს. ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფლორიდელი რუბიოს დანიშვნის შემთხვევაში, ის იქნება პირველი ლათინო-ამერიკელი, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილებას 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება, მანამდე კი იგი ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. უკვე ცნობილია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მენეჯერი სუზი უაილსი გახდება. ის პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე. ამასთან, გაეროში აშშ-ის ელჩად ელის სტეფანიკი წარადგინეს.

ტრამპის ადმინისტრაციაც ბევრ საგარეო საკითხთან მოუწევს გამკლავება, მათ შორის კი ერთ-ერთი მთავარი უკრაინაში რუსეთის აგრესიაა.

53 წლის მარკო რუბიომ ბოლო ინტერვიუებში განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირებას მოლაპარაკებების გზით უნდა ეძებოს, ვიდრე ფოკუსირება მოახდინოს მთელი ტერიტორიის დაბრუნებაზე, რომელიც რუსეთმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიიტაცა. იგი ასევე იყო იმ 15 რესპუბლიკელ სენატორს შორის, რომელმაც აპრილში უკრაინისთვის $95-მილიარდიანი დახმარების პაკეტს მხარი არ დაუჭირა.

რუბიოს ასევე აქვს მწვავე პოზიციები ჩინეთთან მიმართებით. ჰონგ-კონგის აქციებთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამო 2020 წელს პეკინმა რუბიო დაასანქცირა.

2019 წელს რუბიომ ფინანსთა დეპარტამენტს მოუწოდა, ჩინური სოციალური პლატფორმა TikTok-ის მიერ Musical.ly-ს შეძენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეემოწმებინა, რასაც გამოძიებაც მოჰყვა.

სენატის დაზვერვის კომიტეტში, როგორც წამყვანი რესპუბლიკელი, რუბიო ბაიდენის ადმინისტრაციისგან Huawei-ის გაყიდვების აკრძალვას მოითხოვდა, მას შემდეგ რაც სანქცირებულმა ჩინურმა ტექკომპანიამ Intel AI-ის პროცესორის ჩიპით ახალი ლეპტოპი გამოუშვა.

ამასთან, რუბიო, რომლის ბაბუაც 1962 წელს კუბიდან გამოიქცა, საკმაოდ მკაცრ პოზიციას იჩენს და კუბის ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგია. როგორც ლათინური ამერიკის საკითხებზე პალატის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ის ვენესუელაში მადუროს რეჟიმის მწვავე კრიტიკოსია.


close დახურვა