logo
ENG



Reuters: უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად 7 პირობიდან 2 შეასრულა

20 ივნ 202309:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/20/ik0jw1dosr6b6bi.jpg

უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2-ს აკმაყოფილებს. ამ ინფორმაციას გამოცემა Reuters ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, კიევის მიერ შესრულებული კრიტერიუმებია სასამართლო რეფორმა და მედიის შესახებ კანონი. Reuters წერს, რომ სწორედ ამ შინაარსის იქნება ის ზეპირი მოხსენება, რომელსაც ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც სტოკჰოლმში გაიმართება. ამავე დღეს წარადგენს კომისია საქართველოს და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებასაც.

"პროგრესი არის. ანგარიში ზომიერად პოზიტიური იქნება. საუბარია არა რეალობის შელამაზებას, არამედ პროგრესის აღიარებაზე, მაგალითად, არსებობს ცნობილი ანტიკორუფციული საქმეები", - თქვა გამოცემასთან ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სხვა პირობები მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების რეფორმებს, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, ასევე, კანონების მიღებას, რომელიც ოლიგარქების "შეკავებასა" და ეთნიკური უმცირესობების დაცვას შეეხება.

უკრაინამ ევროკავშირში წევრობის განაცხადი რუსეთის შეჭრიდან მალევე გააკეთა. მსგავსი ნაბიჯი გადადგეს მოლდოვამ და საქართველომ. გასული წლის 23 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი წევრის სტატუსი მიანიჭეს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მისცეს. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა უკრაინის წევრობაზე მოლაპარაკებებს ოქტომბერში დაიწყებს.


close დახურვა