logo
ENG



Reuters: ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩასვლას ორბანის მხარდასაჭერად გეგმავს

21 მარ 202615:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/21/drpfvmh5zn7zm3j.jpg

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აპრილის დასაწყისში უნგრეთს ეწვევა. ორი წყაროს ინფორმაციით, ვენსი უნგრეთში ჩასვლას ორბანის მხარდასაჭერად გეგმავს.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

"თუ სწორად ვიცი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთს აპრილის დასაწყისში ეწვევა", -განაცხადა სიიარტომ Otpontban-ის პოდკასტში. მისი თქმით "ეს აშშ-სა და უნგრეთს შორის შესანიშნავი ურთიერთობების შედეგია, რაც პერიოდულად პირად შეხვედრებშიც გამოიხატება".

ჯეი დი ვენსის ვიზიტამდე, თებერვალში ბუდაპეშტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, მარკო რუბიო ეწვია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ორბანს. მისი თქმით, ორბანი ამჟამად რთულ მდგომარეობაშია. "ორბანს უწევს გამკლავება სუსტი ეკონომიკის, ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდისა და ისეთი მეტოქის ფონზე, რომელსაც რეალურ ალტერნატივად მიიჩნევენ", - აღნიშნა რუბიომ.

ორბანი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევა ევროპაში, უკვე დიდი ხანია ევროკავშირთან უთანხმოებაშია არაერთ საკითხზე, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ბრიუსელის პოზიციის წინააღმდეგ, მან შეინარჩუნა კეთილგანწყობილი ურთიერთობები მოსკოვთან, უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და აცხადებს, რომ კიევი ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი.

ტრამპმა გასულ თვეში ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა და სოციალურ მედიაში მას "ნამდვილად ძლიერი და გავლენიანი ლიდერი" უწოდა. ამერიკული მემარჯვენე სპექტრის ბევრი წარმომადგენელი კი, ორბანს ტრამპის მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკისა და ქრისტიანული კონსერვატიზმის მხარდაჭერის ერთგვარ მოდელად განიხილავს.

ცნობისთვის, უნგრეთის მოქმედი პრემიერი ვიქტორ ორბანი სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, 12 აპრილის არჩევნების წინ ჩამორჩება თავის ცენტრისტ-მემარჯვენე მეტოქეს, პეტერ მაგიარს.


close დახურვა