ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ Facebook რეკლამებში გაწეული ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას ვიდეოკადრების გავრცელებას მოახმარა.
როგორც ფლანგვის დეტექტორის განცხადებაშია ნათქვამი, შსს-მ Facebook-ის ინფორმაციის რეკლამირების ფუნქციით 2020 წლის 4 აგვისტოდან 2022 წლის 7 იანვრის პერიოდში ჯამში 1 049 აშშ დოლარი დახარჯა.
მათივე ცნობით, 18 თვის განმავლობაში სამინისტრომ მხოლოდ 19 ამბავი დაარეკლამა. საშუალოდ, სამინისტრო ახალი ამბის დარეკლამებისთვის 100 დოლარზე ნაკლებ თანხას იყენებს, თუმცა იყო ორი შემთხვევა, როდესაც სამინისტრომ ინფორმაციის გავრცელებისთვის ყველაზე დიდი თანხა - 600$ დახარჯა.
"ჯამში დახარჯული 1 049 დოლარიდან სამინისტორომ 600$ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილი ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავს ვიდეოების გავრცელებისთვის დახარჯა, ხოლო დანარჩენი 449 დოლარი სამინისტროში მიმდინარე სიახლეების გასავრცელებლად. 100$-ზე ნაკლები დაიხარჯა სამინისტროს მიერ წარდგენილი 10-წლიანი სამოქმედო გეგმის რეკლამირებაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე რომლებიც იგეგმება, მომდევნო 10 წლის განმავლობაში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თემის რეკლამირებისთვის 100$-ზე ნაკლები იყო დახარჯული, ამბავი ფეისბუქმომხმარებლების შედარებით მცირე ნაწილმა ნახა. სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში რეკლამებზე დახარჯული თანხის მიხედვით ნათლად ჩანს სამინისტროსთვის პრიორიტეტული სიახლეები.
ხოლო რაც შეეხება, ფეისბუქზე რეკლამირებაში დახარჯულ 600$-ს, შსს-მ მოკლული ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას თბილისში გადაადგილების ამსახველი ორი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, 2021 წლის 12-13 და 14 ივლისს.
12 ივლისს გამოქვეყნებული კადრების გავრცელებაში სამინისტრომ 300-399 აშშ დოლარი დახარჯა. ეს თანხა 4-ჯერ აღემატება შსს მიერ რეკლამებში საშუალოდ დახარჯულ თანხის ოდენობას. აქედან გამომდინარე ნათელია სამინისტოს მიზანი, რომ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი კადრები რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა.
რაც შეეხება მეორე ვიდეოს, რომელიც სამინისტრომ 13-14 ივლისს გამოაქვეყნა, ვიდეოს რეკლამირებისთვის სამინისტრომ ჯამში 200-299$ დახარჯა", - წერია განცხადებაში.
2022 წელს UNESCO-მ მსოფლიოს მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა. 2021 წლის მონაცემებით სულ 55 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან ერთ-ერთი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ამ სიაში მოხვდა.
იუნესკოს ხელმძღვანელმა, ოდრი აზულაიმ ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამჭვირვალედ და სრულყოფილად წარემართა ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამოძიება.
ლექსო ლაშქარავას სიკვდილი ასევე შეყვანილია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის”(CPJ) მონაცემთა ბაზაშიც.