სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების უფლებების სისტემური დარღვევის ფაქტებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
განაცხადში მოსარჩელე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე დავობს.
"როგორც ცნობილია, 2021 წლის 15 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების პარალელურად, პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელებმა სხვადასხვა მედიასაშუალებებით, ღიად ისაუბრეს მათ და სხვა აღსაზრდელების მიმართ პანსიონის აღმზრდელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ. ყოფილი აღსაზრდელების ინფორმაციით, აღმზრდელები, წლების განმავლობაში, დასჯის უმკაცრეს მეთოდებს იყენებდნენ. აღსაზრდელებს დასჯის მიზნით აიძულებდნენ მეტანიების კეთებას, უკრძალავდნენ საკვების მიღებასა და ძილს, აჩოქებდნენ ხორბლისა და სიმინდის მარცვლებზე, აყენებდნენ ცალ ფეხზე და აიძულებდნენ ხელში სკამის დაჭერას. გარდა ამისა, აღმზრდელები მათ აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების მიერ აღწერილი ძალადობის ფაქტებზე მიუთითებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებიც. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები აღსაზრდელების უფლებები სისტემურად ირღვეოდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ადმინისტრაციას არ ჰქონდა შემუშავებული ბავშვის ძალადობისგან დაცვისა და ძალადობაზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, პანსიონში არ ხდებოდა ძალადობრივი ფაქტების წერილობით დოკუმენტირება, რისი ვალდებულებაც პანსიონს კანონით გააჩნდა", - ნათქვამია განცხადებაში.