logo
ENG



SJC: არჩევნებამდე საპატრიარქოსთვის დაფინანსების ზრდა პოლიტიკური გამოყენების მიზანს ატარებს

21 მარ 202411:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/21/tg68rl1dkp4jtj8.jpg

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საპატრიარქოსთვის დაფინანსების 35 მილიონით გაზრდის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. SJC მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საპატრიარქოს დაფინანსების რადიკალური ზრდა ეკლესიის პოლიტიკური გამოყენების მიზანს ატარებს.

SJC-ში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობაში მოდის სეკულარიზმისა და თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპებთან, წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების საშუალებას წარმოადგენს და აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში.

ორგანიზაციით ცნობით, საბოლოოდ, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსება ორჯერ მეტად გაიზარდა და ჯამში 67 მილიონ ლარს გადააჭარბა.

"მთავრობის 2024 წლის განკარგულების შემთხვევაში ასევე ბუნდოვანია, რატომ უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა შინაარსზე კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან სუსტია და ძირითად შემთხვევებში კონფესიური სწავლების პრაქტიკებს ატარებს.

აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო ისე, რომ არც კი იმსჯელა იმაზე, 35 მილიონი ლარის ოდენობის თანხა, რომელიც საპატრიარქოს გადაეცა, ზოგადი განათლების სისტემის რა მიმართულებებით მოაკლდება და შესაბამისად, მას რა გავლენა ექნება განათლების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ გამოწვევებს. რამდენიმე მაგალითიც კი აჩვენებს ზოგადი განათლების სექტორში არსებულ მწვავე სოციალურ და უსაფრთხოების საჭიროებებს. 1. საქართველოს სკოლების 59% საჭიროებს სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლის მშენებლობას ან რემონტს (სასკოლო ინფრასტრუქტურის სრულად გამართვა დაგეგმილი იყო 2023 წლის ბოლოსთვის, ამ ვადამ გადაიწია ჯერ 2026 წლისთვის, ხოლო შემდგომ 2027 წლის ბოლოსთვის 2. ქვეყანაში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისას ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე და ჩვენს სკოლებში ამ დრომდე არ არის დანერგილი უფასო კვების პრაქტიკა.

სამართლებრივი და სოციალური არგუმენტების მიღმა, ჩვენი შეფასებით, წინასაარჩევნო წელს საპატრიარქოს დაფინანსების რადიკალური ზრდა პოლიტიკურ მიზანს უფრო ატარებს და მას ეკლესიის ლოიალობის და საბოლოოდ რელიგიური სენტიმენტების მობილიზებით ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვების დანიშნულება აქვს. არჩევნების პერიოდში და პოლიტიკური კრიზისების დროს ეკლესიის დაფინანსების ზრდის ტენდენცია ჩანდა წინა წლებშიც (მათ შორის, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს), რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლებების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის ეკლესიის პოლიტიკური გამოყენების არადემოკრატიულ ტენდენციას და პოლიტიკის დემოკრატიული ლოგიკით წარმოების იდეას ეწინააღმდეგება", - აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება სრულად 


close დახურვა