logo
ENG



SJC და საია: გამოსახლების აქციაზე დაკავებულების დაჯარიმების მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

08 თებ 202411:00
3 წუთის საკითხავი
clock 285
SJC და საია: გამოსახლების აქციაზე დაკავებულების დაჯარიმების მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებული პირების დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით/საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან და ამასთანავე, მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას საზოგადოებაში.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 23 იანვრის მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, შეკრების დროს პოლიცია არ მოქმედებდა კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: პოლიცია შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევდა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით კონკრეტულ, მკაფიო მითითებებს, არ აფრთხილებდა ძალის გამოყენების ან დაკავების თაობაზე, ასევე, დაკავებულებს არ განუმარტავდა სამართალდარღვევის არსს.

"კრიტიკას იმსახურებს აღნიშნული საქმეების სასამართლოში განხილვის პრაქტიკაც. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი დადგენილებები ეფუძნება მხოლოდ პოლიციელის/პოლიციელების ჩვენებებს. თუმცა, პროცესებზე მოწმის სახით გამოკითხული სამართალდამცავები კონკრეტულად ვერ უთითებდნენ, როდის, რა ვითარებაში და როგორ არღვევდნენ ცალკეული პირები კანონს, ან როგორ მოხდა მათი დაკავება. სამართალდამცავები აგრეთვე თვითნებურად არ რთავდნენ დაკავებისას სამხრე ვიდეო-კამერებს, რომლის ჩანაწერებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა სასამართლოსთვის", - აცხადებენ ორგანიზაციები.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მიუხედავად მტკიცებულების სიმწირისა და პოლიციელების ზოგადი, ზოგჯერ ურთიერთ-წინააღმდეგობრივი ჩვენებებისა, სასამართლომ ამ დრომდე გამოტანილ გადაწყვეტილებებში, სამართალდამრღვევებად ცნო შეკრების 11 მონაწილე. პასუხისგებაში მიცემულ თითოეულ პირს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა სახდელად, შესაბამისად, ჯარიმების საერთო რაოდენობა უკვე აღწევს 22 000 ლარს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2021 წლის გაზაფხულზე, მმართველი პოლიტიკური პარტიის ინიციირებით გაიზარდა სანქცია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე 48 საათამდე გაიზარდა ადმინისტრაციული დაკავების ვადა. გამკაცრებული კანონმდებლობა სულ უფრო აქტიურად გამოიყენება აქტივისტების და უფლებადამცველების გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ბერკეტად, გაზრდილ ჯარიმებს კი მსუსხავი ეფექტი აქვს აღნიშნული უფლებებით სარგებლობაზე.

"გამოსახლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მასობრივმა დაკავებებმა და რეპრესიულმა მეთოდებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს უუნარობა და მიდგომები სოციალური კრიზისების მართვის მიმართ. იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ რჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილების და პროტესტზე რეაგირების პოლიტიკური მექანიზმი, კიდევ უფრო მეტად აქტიურად იყენებს სადამსჯელო კანონმდებლობას. საპოლიციო თვითნებობა და მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების უსაფუძვლოდ გამოყენება კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სტაბილურობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს შეკრებების და მანიფესტაციების დროს მოქალაქეების მასობრივი დაკავების პრაქტიკა. ამავდროულად, სავალდებულო გახდეს სამართალდამცავებისთვის მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეო-კამერების ჩართვა;
  • საერთო სასამართლოებს - აქტივისტების საქმეები განიხილოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოს დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არ დაემყარება მხოლოდ პოლიციელის ჩვენებას;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის სავარაუდო გამოყენებისა და ღირსების შელახვის ფაქტები;
  • საქართველოს პარლამენტს - დროულად უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდეaბლობის სისტემური რეფორმა;

გამოსახლებებსთან დაკავშირებული პროტესტი 24 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე დაიწყო, სადაც მაია ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლეს. ადგილზე შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები და აქტივისტები, რომლებიც აღსრულების პროცესს აპროტესტებდნენ. 

პოლიციამ ჯერ სადარბაზოს, შემდეგ კი ბინის კარი გაჭრა, ბინაში გამაგრებული მოქალაქეები კი ძალის გამოყენებით გამოიყვანა. იმ დღეს შსს-ს თანამშრომლებმა 20 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი სისხლის სამართლის წესით. 

24 იანვარს დადიანის ქუჩაზე კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი იყო ჩანიშნული, თუმცა გადაიდო. აღსრულების ბიურომ ოჯახს რამდენიმეთვიანი ვადა მისცა, რათა სესხის გადახდა შეძლონ.


close დახურვა