logo
ENG



SJC ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, ხულოში სამშობიარო განყოფილება გახსნას

27 ივლ 202315:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/27/ivbcnbc07v0yqbc.jpg

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების უზრუნველყოფა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხულოში 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მუნიციპალიტეტში არ არსებობს სამშობიაარო განყოფილება და არ ჰყავთ გინეკოლოგი, რის გამოც ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას. 

"გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პრაქტიკა, რომელიც ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას და ზაფხულობით იალებზე ოჯახების ცხოვრების საჭიროებას და ტრადიციას უკავშირდება. ორსული ქალებისთვის მაღალმთიანი იალებიდან ჩამოსვლა კიდევ უფრო მეტად რთულდება და როცა მუნიციპალიტეტის ცენტრში ისინი სათანადო სერვისის მიღებას ართულებს, ეს ორმაგად ამძიმებს მათ ყოფას"- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას აწვდის ევექსის კლინიკები - ხულოს კლინიკა.

"სამშობიარო განყოფილების არარსებობის მიზეზი კი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მშობიარობების რაოდენობის სიმცირეა (2022 წლის მონაცემების მიხედვით, სულ დარეგისტრირდა თვეში 2-3 მშობიარობა), რაც იწვევს კადრის დეკვალიფიკაციას და რისკს უქმნის ერთეული შემთხვევების მართვას.

2023 წლის 1 ივნისიდან პირადი განცხადების საფუძველზე ექიმმა მეან-გინეკოლოგებმა შეწყვიტეს ხულოს კლინიკის სტაციონარში (სამშობიაროში) საქმიანობა.

სამწუხაროდ, ეს მიდგომა ერთის მხრივ, არ ეფუძნება ამ მუნიციპალიტეტში შობადობის რეალურ სტატისტიკას, რომელიც მაღალია (მაგალითად 2015 წლიდან 2022 წლამდე ხულოს მუნიციპალიტეტში დაიბადა შესაბამისად, 446,456,470,477,429,294,322,311,285 ბავშვი) და უგულებელყოფს მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებულ მძიმე მდგომარეობას ქალების რეპროდუქციული უფლებებისა და საჭიროებების შესახებ.

ასვე აღსანიშნავია ისიც, რომ სამშობიარო განყოფილების გაუქმებამდე იქ მომუშავე პერსონალს, გინეკოლოგებს არ ჰქონდათ ღირსეული შრომითი პირობები. მათი მოთხოვნები ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით ევექსის კლინიკამ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად მათ მოუწიათ სამსახურის დატოვება"- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჯანდაცვის სისტემის პრივატიზებისა და სუსტი რეგულირების მძიმე ადამიანურ და სოციალურ შედეგებს, რომელიც მოქალაქეების და მათ შორის, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების საბაზისო საჭიროებებს, ინტერესებსა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება.

"ქალის რეპროდუქციული უფლებები დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებებით, რომლებიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. მათ შორის, ჯანმრთელობის უფლება აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (1946), ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (1948) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966).

მოსაზრება, რომ ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტის ხელმისაწვდომობის თანასწორი უფლება, ეფუძნება არადისკრიმინაციულ მიდგომას და ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს მიმართ, რომ სისტემამ არ დაუშვას გენდერული დისკრიმინაცია ჯანდაცვის მომსახურების გაწევისას; მოხდეს სისტემის მკაცრი მონიტორინგი, რათა აღმოიფხვრას ახალი ჩაგვრის ფაქტები სერვისის მიწოდების მთელ ჯაჭვში; როგორც კერძო, ისე საჯარო ჯანდაცვის სერვის ცენტრებში სერვისის მიწოდება უნდა ექვემდებარებოდეს მონიტორინგს, რათა ქალებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე დაფუძნებული ხარისხიანი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება"-აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ვალდებულია ყველა ქალისთვის უზრუნველყოფილი იყოს ყველა იმ საჭირო სერვისზე ხელმისაწვდომობა, რომლებიც მათ ორსულობის, უსაფრთხო მშობიარობისა და ჯანმრთელი ბავშვის ყოლაში დაეხმარება.

"შექმნილი მძიმე ვითარება მიუთითებს არსებულ სისტემურ პრობლემაზე, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას, ვინაიდან საქმე ეხება ქალებისა და მუცლად მყოფი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ხულოს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალმთიანი რეგიონის სპეციალური საჭიროებები და აქ ჯანდაცვის სერვისების მიწოდება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა