ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა პრორუსული, ძალადობრივი, კრიმინალური დაჯგუფების, ალტ-ინფოს მუქარის მსხვერპლია.
14 მარტს სამირა ბაირამოვამ მარნეულში ალტ-ინფოს პარტიის ოფისის გახსნისა და მათი პოლიტიკის მიმართ პროტესტი გამოხატა. სამირამ ალტ-ინფოს მარნეულის ოფისის გარე ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დახატა.
"ამ მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ, სამირა ძალადობრივი დაჯგუფების მძიმე მუქარის სამიზნე გახდა. ბოლო დღეებში ფაშისტურმა დაჯგუფებამ მუქარის გზავნილები გააჟღერა სხვა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების და აქტივისტების მიმართაც, ვინც მათ მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოფისების გახსნა გააპროტესტა, მათ შორის ხულოში, მესტიაში, ოზურგეთში, ქობულეთში და სხვა რეგიონებში", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
TDI-ში აცხადებენ, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების მიერ გაგზავნილი მუქარა რეალური საფრთხის შემცველია. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას გამოიძიოს და აღკვეთოს სამირა ბაირამოვას და სხვა აქტივისტების მიმართ მუქარის თითოეული ფაქტი. ამასთან, აღკვეთოს კრიმინალური დაჯგუფება ალტ-ინფოს საქმიანობა და მისი ლიდერები მიეცენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.