logo
ENG



TDI: ქართული ოცნების დღის წესრიგად დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისგან უკუსვლა იქცა

10 ნოე 202116:02
3 წუთის საკითხავი
 
TDI: ქართული ოცნების დღის წესრიგად დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისგან უკუსვლა იქცა
პენიტენციური სამსახური

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მმართველობის დღის წესრიგად დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისგან უკუსვლა იქცა. ორგანიზაციის თქმით, ეს განსაკუთრებით მკაფიო 5 ივლისის მოვლენების შემდეგ გახდა, სიტუაციას კი უკიდურესად ამწვავებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებაში საუბარია 5 ივლისის მოვლენებზე, როცა მედიისა და საზოგადოების ორგანიზაციების დარბევის, იმავდროულად უმცირესობების უფლებათა დაცვაზე აშკარა უარითა და ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობით ქართულმა ოცნებამ ქვეყანა  ავტორიტარიზმისკენ მკვეთრად გადახარა.

გარდა ამისა, დემოკრატიული გზიდან გადახვევაზე საუბრისას, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში ტოტალური თვალთვალისა და მიყურადების ფაქტებზე, ძალადობრივ საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური ოპონენტებისადმი სიძულვილის გაღვივებაზე.

TDI აცხადებს, რომ ამ ყველაფრის ფონზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მეტად ამწვავებს ისედაც დაძაბულ გარემოს. ინსტიტუტისთვის მმართველი პარტიის წევრების შეუფარავი განცხადებები და გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით იდევნება და მის მიმართ ხორციელდება ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რაზეც სახალხო დამცველმაც ისაუბრა.

განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი, მისი უფლებების მრავალმხრივი დარღვევა ქმნის ბარიერებს მშვიდ პოლიტიკურ გარემოში დაბრუნებისთვის, აქრობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას და საზოგადოებას დაპირისპირებისკენ უბიძგებს.

„ხელისუფლების მხრიდან ვითარების მიზანმიმართული გამწვავება, მიხეილ სააკაშვილისთვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარის თქმა, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი საპატიმროშივე უნდა გაიმართოს, მის წინააღმდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი მძიმე უფლებადარღვევები: შემზარავი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სავარაუდო ძალადობა, დიდ ბარიერს აღმართავს ყველა მცდელობის წინაშე, დავუბრუნდეთ მშვიდ პოლიტიკურ გარემოს, ძირს უთხრის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ამ ვითარებაში, საფრთხე ექმნება თითოეული ადამიანის თავისუფლებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას” - ნათქვამია განცხადებაში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარდა, აუცილებელია მისი დევნის შეწყვეტა და დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმისგან სახელმწიფოს გადარჩენა.  


close დახურვა