logo
ENG



TI: "ობიექტივზე" კანონთან შეუსაბამო პოლიტიკური რეკლამები პრობლემად რჩება

25 აგვ 202016:35
3 წუთის საკითხავი
 
5k110sadwtf3slw.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ტრიალებს  პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რეკლამები, რაც არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე აკრძალულია და მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევად ითვლება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მსგავსი ქმედების გამო 2017 და 2018 წელს "ობიექტივი" კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორჯერ უკვე გააფრთხილა.

"18 აგვისტოდან ტელეკომპანია ობიექტივის მეშვეობით გადაიცემა ვიდეორგოლები, რომლებშიც პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, პარტიული სიმბოლიკის და საარჩევნო ნომრის ფონზე, სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე საუბრობს და მაყურებელს მათი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ პროექტების განხორციელებას ჰპირდება.

მიუხედავად იმისა, რომ რეკლამებში არ არის მითითებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამისთვის საჭირო ატრიბუტები (ფასიანი/უფასო პოლიტიკური რეკლამა და საარჩევნო სუბიექტი), ვიდეორგოლები თავიანთი შინაარსით ცალსახად წარმოადგენს „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულ პოლიტიკურ რეკლამას. შესაბამისად, აშკარაა, რომ მაუწყებლის ეთერში არასაარჩევნო პერიოდში განთავსებულია პოლიტიკური შინაარსის რეკლამები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, აკრძალულია. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედების გამო 2017 და 2018 წელს "ობიექტივი" ორჯერ უკვე იქნა გაფრთხილებული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, თუ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადის ტელეკომპანიის ეთერში, ეს ჩაითვლება ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებად.

"მივმართავთ:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები;

ტელეკომპანია „ობიექტივსა” და პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” - ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე შეწყვიტონ მაუწყებლის ეთერში მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლების განთავსება", - აცხადებენ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში.


close დახურვა