საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში აცხადებენ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.
TI-ში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა ამ თემასთან დაკავშირებით იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას. მათივე თქმით, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს და საბოლოოდ გაწევრიანების პერსპექტივას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას.
განცხადებაში ჩამოთვლილია ევროკომისიის რეკომენდაციები, რომლებიც რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. ასევე საუბარია გეგმაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დამტკიცებული 2023 წლის 27 ნოემბერს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებულ გეგმაში მხოლოდ სამი აქტივობაა გათვალისწინებული - მათგან ერთი სამუშაო ჯგუფის შექმნას, მომდევნო ორი კი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე მხოლოდ ზოგად მითითებებს ითვალისწინებს.
TI-ში ამბობენ, რომ მთავრობის დამტკიცებული დოკუმენტი იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების განსაზღვრა.
"ამ დროისთვის ცნობილია პრემიერ მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ კომპონენტს - მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ეხება", - აცხადებენ TI-ში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ხედვას, თუ რა ნაბიჯები უნდა შეასრულოს მთავრობამ რეკომენდაციის შესასრულებლად:
- შეაფასოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და გამოკვეთოს სისტემის ინსტიტუციური რეფორმის საჭიროება.
- შექმნას სასამართლო სისტემის გაჯანსაღების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიის მიერ დანახულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს გაითვალისწინებს.
- შექმნას დროებითი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების გადამოწმება.
- შექმნას გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლითაც საბჭოში მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ძალაუფლების დაბალანსება, კერძოდ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ორმაგი 2/3-ის პრინციპით იქნება შესაძლებელი.
- საქართველოს პარლამენტმა დაასრულოს კონსტიტუციური კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს გენერალური პროკურორის არჩევისთვის ხმების უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) კვალიფიციურ უმრავლესობამდე (90 ხმა) გაზრდას.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.
ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.
ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.