logo
ENG



TI: პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს

18 ოქტ 202314:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/18/p3g6ed2qji9bcj0.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებულ იმპიჩმენტის პროცესს ეხმაურება, მას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟად აფასებს და "სადამსჯელოს" უწოდებს.

"საზოგადოებისათვის, მათ შორის ევროპელი პარტნიორებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ამ საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინშია", - წერს ორგანიზაცია.

TI აღნიშნავს, რომ მმართველ ძალას თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს მიტაცებული და და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს.

"მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს იმოქმედონ ქვეყნის და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას და საფრთხე არ შეუქმნან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტს 100 ხმა სჭირდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.

 

close დახურვა