logo
ENG



TI: საგამოძიებო უწყებაში წყაროს გამჟღავნებისთვის ჟურნალისტების დაბარება საშიშ სახეს იძენს

07 აგვ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 
q099jt30wqpepra.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის" (TI) განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში ჟურნალისტების დაბარება და წყაროს ვინაობის დასახელების მოთხოვნა ეწინააღმდეგება ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს და ხელს უშლის მედიის საქმიანობას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად,  ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროების დაცვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ჟურნალისტური მუშაობისთვის და თავისუფლებისთვის.

TI სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ჟურნალისტების წყაროებთან დაკავშირებულ საკითხებს და მედიას პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულების საშუალება მისცენ.

"სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება თვითცენზურის დამკვიდრების საფრთხეს შეიცავს. შედეგად მედიის წარმომადგენლებმა შესაძლოა სამომავლოდ თავი აარიდონ მნიშვნელოვან თემებზე მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მეორე მხრივ, წყაროს იდენტიფიცირების მიმართ გამოძიების მომეტებული ინტერესი საშიშროებასც აჩენს, რომ წყაროებმა სამომავლოდ ჟურნალისტებთან აღარ ითანამშრომლონ და არ მიაწოდონ ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო პერიოდში წყაროს დასახელების მოტივით საგამოძიებო უწყებებში დაბარებული იყვნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები. მათ შორის, 2 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა "შაბათის ფორმულას" წამყვანი დავით ქაშიაშვილი. ქაშიაშვილი გამოკითხვაზე, "შაბათის ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით იყო დაბარებული, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შეეხებოდა. ქაშიაშვილმა თქვა, რომ გამოძიებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან და მის წყაროსთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ უთქვამს.


close დახურვა