logo
ENG



TI: საქართველოს რკინიგზის 184 მლნ ლარიანი ტენდერი, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიებზეა მორგებული

10 ნოე 202311:02
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში აცხადებენ, რომ საქართველოს რკინიგზამ ელმავლების შესაძენად 184 მლნ ლარიანი, სავარაუდოდ მორგებული ტენდერი გამოაცხადა, რადგან მასში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ.

ორგანიზაცია წერს, რომ ტენდერი მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამოცხადდა და მასში მომწოდებლებს წინადადების წარდგენა 3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე შეეძლებათ, გამარჯვებულმა კომპანიამ კი ელმავლები საქართველოს 2024 წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს.

TI-ში აცხადებენ, რომ შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ისეთი სერტიფიკატები (უსაფრთხოების ნორმები სარკინიგზო ტრანსპორტზე, ელმავლები, სერტიფიცირების მოთხოვნები ამ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა), რომელიც გაცემული უნდა იყოს თანამეგობრობის ქვეყნების (დსთ) სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს რეესტრით გათვალისწინებული აკრედიტებული ორგანიზაციების მიერ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საბაჟო კავშირში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მასში შედიან: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. TI-ის შეფასებით, ამ ჩანაწერით საქართველოს რკინიგზამ ფაქტობრივად დაავიწროვა ელმავლის მწარმოებელი ქვეყნების წრე.

TI წერს, რომ რკინიგზამ აღნიშნული ტენდერი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) გზით გამოაცხადა. ეს არის საქონლის ან მომსახურების შესყიდვა დადგენილი სპეციალური წესი, რომელსაც მთავრობა ადგენს კონკრეტული შემსყიდველისთვის. საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, რომ რკინიგზისთვის მთავრობამ შესყიდვების სპეციალური წესი 2022 წლის 8 თებერვალს დაადგინა და ის 2024 წლის 10 თებერვლამდე იმოქმედებს.

"საქართველოს რკინიგზის მიერ 4 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას (კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 2), რადგან ფაქტობრივად რუსულ სერტიფიკატს ითხოვს. შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მიმწოდებელი კომპანიის კვალიფიკაციაზე, შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და კონკურენციის სააგენტოს შეისწავლონ აღნიშნულ ტენდერში არსებული კონკურენციის შემზღუდველი პირობები და მიიღონ კანონით განსაზღვრული ზომები.


close დახურვა