logo
ENG



TI: საქართველოში მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, ჟურნალისტური საქმიანობა საშიში ხდება

03 მაი 202311:47
3 წუთის საკითხავი
 
TI: საქართველოში მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა, ჟურნალისტური საქმიანობა საშიში ხდება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით 1-წლიან მიმოხილვას აქვეყნებს და გამოყოფს რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც ბოლო 1 წლის მანძილზე მედიაგარემოს სისტემურ გაუარესებაზე მიანიშნებს. 

TI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში მედიაგარემო სისტემურად გაუარესდა და ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობა ყოველწლიურად უფრო და უფრო საშიში ხდება.

"საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება. სახეზეა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტება.

მედიაგარემოს გაჯანსაღება პირდაპირ კავშირშია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებასთან. ამისთვის, პირველ რიგში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები: გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დასაჯოს დამნაშავეები, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეებმა კი მოხსნან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში", - აღნიშნულია განცხადებაში.

მიმოხილვაში გამოყოფილია რამდენიმე პუნქტი:

მედიამანეჯერის დაპატიმრება - ამ პუნქტში საუბარია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე. 

ძალადობა ჟურნალისტებზე და არასათანადო გამოძიებები - მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმებს და სიტუაციას ამძიმებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება და ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

"ამ დრომდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები, რა დროსაც მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ძალადობრივი მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დღემდე იცავს. 

დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების ათობით საქმე. სისტემურია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლისა და თვითცენზურის გაძლიერების პრაქტიკა. საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება კრიზისების პერიოდში. მაგალითად, 2023 წლის მარტში რუსული კანონის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლის და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევები. ამავე აქციებზე დააკავეს „პუბლიკას“ დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2200-2200 ლარით დააჯარიმა.

2023 წლის 15 მარტს სოფელ ბახვში ჟურნალისტ ნატო გოგელიას თავს დაესხა პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საგამოძიებო სამსახურებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა", - აღნიშნულია მიმოხილვაში. 

მართლმსაჯულების გამოყენება მედიის წინააღმდეგ - მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ქართულ მედიაგარემოს კიდევ უფრო აზიანებს კლეპტოკრატიული მმართველობის გაძლიერება, როდესაც მმართველი ელიტები ქვეყნის რესურსების მიტაცებით მდიდრდებიან და საკუთარ ძალაუფლებას და გავლენას აფართოებენ.

"კლეპტოკრატია პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციასთან და მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების სხვადასხვა გზით გაჩუმება, მათ შორის მათ  წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით. 

საქართველოში საშიშ ტენდენციად ყალიბდება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში, ცილისმწამებლური განცხადების გამო, კოორდინირებულად შეტანილი სარჩელების საგანგაშოდ მზარდი რაოდენობა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

რუსული კანონი კრიტიკული მედიების წინააღმდეგ - მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ქართული მედია ინტენსიურად აშუქებდა ამ თემას. კანონპროექტის განხილვისა და ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლისა და სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ.

"აქციების გაშუქებისას, საპარლამენტო მუშაობის აკრედიტაცია შეუჩერდა კრიტიკული მედიის ოთხ ჟურნალისტს. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავეს ონლაინ-გამოცემა „პუბლიკას“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და ონლაინ-გამოცემა „ტაბულას“ ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე ხასიათის მტკიცებულება ჟურნალისტების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ, სასამართლომ ორივე მათგანი 2200-2200 ლარით დააჯარიმა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

 აკრედიტაციის ახალი წესის მსუსხავი ეფექტი - ნათქვამია, რომ 2023 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, წინასწარი განხილვების გარეშე, პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის განახლებული პროცედურები ამოქმედდა. ამ რეგულაციებმა თავიდანვე გააჩინა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი ახალ წესს კრიტიკულად განწყობილი მედიის შეზღუდვისთვის გამოიყენებდა.

"იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაუცემლობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულად განწყობილ მედიასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, აკრედიტაციის ახალი წესი ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მოპოვების გზებს კიდევ უფრო ართულებს და ზრდის თვითცენზურის ატმოსფეროს. 

აკრედიტაციის წესმა პრაქტიკაში უკვე აჩვენა, რომ რეგულაცია ხელს უშლის პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 2023 წლის მარტში, რუსული კანონის შესახებ პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას, აკრედიტაცია შეუჩერდა ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ სამ ჟურნალისტსა და ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორს. ფაქტის გასაჯაროებისა და ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ, პარლამენტმა გადაწყვეტილებას ჟურნალისტების სასარგებლოდ გადახედა.  2023 წლის აპრილის დასაწყისში პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა სამი კრიტიკული მედიის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თემებზე ცდილობდნენ პარლამენტარებისთვის კითხვების დასმას. ახალი წესის პრაქტიკას გამოეხმაურა ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (Commettee to Protect Journalists) და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, აღუდგინოს აკრედიტაცია ჟურნალისტებს და შეცვალოს რეგულაცია", - ნათქვამია მიმოხილვაში. 


close დახურვა