logo
ENG



TV პირველის ოპერატორს ცესკოსთან აქციის დაშლისას თვალი დაუზიანეს

09 ნოე 202001:27
3 წუთის საკითხავი
 
0oasyojdcaj0u7e.png

ცესკოსთან აქციის დაშლისას TV პირველის ოპერატორს თვალი დაუზიანდა. ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ჩართვისას განაცხადა, რომ ოპერატორს ახლა სამედიცინო დახმარება უტარდება. მისივე ცნობით, მას დაზიანება იმ დროს მიაყენეს, როცა სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. 

მანამდე, ერთ-ერთმა მოქალაქემ სახის არეში, კონკრეტულად, თვალთან და ცხვირთან მიიღო დაზიანებები. იგი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და ექიმები გამოკვლევებს უტარებენ. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ფორმულას განუცხადეს, რომ მათ მიერ სამი პირია საავადმყოფოში გადაყვანილი, საიდანაც ერთი უკვე გაეწერა. რაც შეეხება ორ დაშავებულს, მათგან ერთი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, მეორე კი კაკვასიის მედიცინის ცენტრში. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.

მომიტინგეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

შსს-ის განცხადებით, ცესკო-სთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება პროპორციული ზომაა. 


close დახურვა