logo
ENG



Tass: ზელენსკიმ 24 რუსული კომპანიისთვის სანქცირების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

22 იან 202214:00
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს მიიღო უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დადგენილება რუსული კომპანიებისა და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესების შესახებ. დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსული გამოცემა Tass იუწყება, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები 30 დეკემბერს დააწესა. სანქციები სხვადასხვა საქმიანობაში ჩართულ კომპანიებსა და ინდივიდებს შეეხოთ, ჯამში 24 კომპანიას და 70-ზე მეტ ინდივიდს. 

სანქციები დაუწესდა იმ 24 კომპანიასა და 6 ადამიანს, ვინც ყირიმის ხიდის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. მათ კიევი პასუხისმგებლობას არალეგალური მშენებლობებისა და ქერჩის სრუტის გასწვრივ სარკინიგზო სექტორის მშენებლობისთვის აკისრებს. 

Tass-ის ცნობით უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ყირიმსა და რუსეთს შორის სარკინიგზო ხაზის აშენებით ამ კომპანიებმა დააზიანეს უკრაინის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა სევასტოპოლის ტერიტორიაზე.

ამ 24 კომპანიისთვის დაწესებული სანქციები 5 წლიან პერიოდს გულისხმობს და უკრაინაში მათი ქონების დაბლოკვას და ფინანსური ტრანზაქციების გაუქმებას მოიცავს.

ასევე სანქციები დაეკისრა რუსეთის 18 მოქალაქეს, ვინც მონაწილეობდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყირიმის ეპარქიის საკუთრების გასხვისებაზე გადაწყვეტილების მიღებაში. სანქცირებული 18-ვე ინდივიდი რუსეთის ფედერაციის სასამართლო სისტემაში სხვადასხვა პოზიციას იკავებს.

Tass-ის ინფორმაციით, მათ გარდა სანქციები შეეხო 52 ადამიანსაც, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში მაღალ თანამდებობებს იკავებს. სანქცირების მოტივი ისაა, რომ ამ ადამიანებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს უკრაინის ეროვნულ ინტერესებსა და უკრაინელი ხალხის უსაფრთხოებას.


close დახურვა