logo
ENG



Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

10 ივლ 202114:46
3 წუთის საკითხავი
 
Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

Tbilisi Pride-ის ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს: ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილს და გიორგი ელიზბარაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თავად დაკავებულები ბრალს არ აღიარებდენ. მათ პატიმრობის ნაცვლად გირაო მოითხოვეს. 

გამოძიება მათ მიმართ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. 

ძალადობრივმა, პრორუსულმა, ჰომოფობიუმა ჯგუფებმა რუსთაველის მეტროსთან შეკრება 4 ივლისის საღამოდან დაიწყეს. 

5 ივლისს, დილის 09:00 საათზე ისინი ჯერ ქაშვეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციის კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. მათ სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები. 

მოძალადე ჯგუფებმა გადაინაცვლეს მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან. სირცხვილიას ოფისთან ჩაამსხვრიეს მინები, თბილისი პრაიდის ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს ის. მათ სცადეს გაეროს ოფისში შეჭრაც. 

ადგილზე ცოტა რაოდენობის პოლიციელი იყო, რომლებმაც ვითარების განმუხტვა ვერ შეძლეს. 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას. 

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა. 

პრორუსულმა ჯგუფებმა იძალადეს 6 ივლისსაც, როცა პარლამენტის წინ 5 ივლისის მოვლენების გასაშუქებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ. მოძალადეებმა მათ ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა, არა ყველა მათგანი. 


close დახურვა