logo
ENG



Tbilisi Pride: ამ დრომდე არ ჩატარებულა საგამოძიებო სამუშაოები ფესტივალის ტერიტორიაზე

12 ივლ 202315:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/12/ti7cdyfyyeapdd7.jpg

Tbilisi Pride-ის განცხადებით, პრაიდფესტივალის ძალადობრივი დარბევის შემდეგ, ტერიტორიაზე საგამოძიებო სამსახურები არ ასულან და შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ. 

8 ივლისს პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ფესტივალის ჩაშლისა და ტერიტორიის დარბევის შემდეგ 5 დღე გავიდა. როგორც Tbilisi Pride-ის განცხადებაშია აღნიშნული, მათ შეტყობინება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზეც გააკეთეს, თუმცა ამაოდ.

8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის დარბევის, ლგბტქი აქტივისტების ევაკუაციის, კერძო ტერიტორიაზე შემოჭრისა და ქონების განადგურების შესახებ მედიით მთელმა საქართველომ შეიტყო. დამატებით, 10 ივლისს, თბილისი პრაიდმა შეტყობინება გააკეთა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზეც. მოვითხოვეთ ტერიტორიის დათვალიერება, ზიანის შეფასება და გამოძიების დაწყება, მათ შორის პოლიციელებისა და შსს-ს მიმართ. თუმცა, ამ დრომდე საგამოძიებო სამსახურები არ დაგვკავშირებიან, არ ამოსულან ფესტივალის ტერიტორიაზე და არ ჩაუტარებიათ შესაბამისი სამუშაოები”, - წერია განცხადებაში.

Tbilisi Pride აღნიშნავს, რომ დღეს ფესტივალის ტერიტორიიდან ნივთების წაღება უწევთ, თუმცა მათ დეტალურად აღწერეს ზიანი და შეინახეს შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა, “რაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს გადაეცემათ".

***

8 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.


close დახურვა