რუსეთი უკრაინაში ომის საწარმოებლად საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას ერაყის კონტრაბანდული ქსელების დახმარებით იღებს.
ამის შესახებ The Guardian-ი ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყელ მებრძოლებსა და რეგიონულ სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
ერაყის მილიცია ამბობს, რომ ფარული ქსელები იქნა გამოიყენებული ისეთი მასალების მიწოდებისთვის, როგორიცაა RPG [სარაკეტო ყუმბარა] და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.
RPG-ები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ისევე როგორც ბრაზილიური დიზაინის სარაკეტო სისტემები, ერაყიდან რუსეთში გაიგზავნა.
წყარო, რომელიც დაეხმარა ტრანსპორტირების ორგანიზებაში, იტყობინება, რომ ირანული წარმოების Bavar 373 სარაკეტო სისტემა, რუსული S-300-ის მსგავსი, თეირანის ხელისუფლებამ მოსკოვს საჩუქრად გადასცა.
The Guardian წერს, რომ იარაღით ვაჭრობის დანაშაულებრივი ჯგუფის გამოყენება რუსეთის სტრატეგიის დრამატულ ცვლილებას მიანიშნებს, რადგან მოსკოვი იძულებულია დაეყრდნოს ირანს, მის სამხედრო მოკავშირეს სირიაში, უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული ახალი სანქციების შემდეგ.
სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც შიიტთა ყველაზე დიდი ჯგუფის – "ჰაშდ ალ შააბის" ხელშია, ირანში 26 მარტს სალამჯას სასაზღვრო პუნქტით იქნა გადასროლილი, რის შემდეგაც ირანელმა სამხედროებმა იარაღი რუსეთს ზღვით მიაწოდეს.
წყაროს ცნობით, 1 აპრილს "ჰაშდ ალ შააბიმ" ასევე დაშალა და ნაწილებად გაგზავნა ბრაზილიური დიზაინის Astros II სარაკეტო გამშვები სისტემა, რომელიც ერაყში ცნობილია, როგორც ლიცენზირებული ვერსია Sajil-60.
"ჩვენ არ გვაინტერესებს სად მიდის მძიმე იარაღი [რადგან ჩვენ არ გვჭირდება ისინი ამ მომენტში]. ყველაფერი რაც აშშ-ს საწინააღმდეგოდ არის მიმართული, გვახარებს." - თქვა ჰაშდ ალ შააბის ერთ-ერთმა წყარომ.