logo
ENG



The Killers: ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით

16 აგვ 202301:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/16/pwdl2ko0bz5gdr7.jpg

ბლექ სი არენაზე კონცერტის შემდეგ, The Killers-ი განცხადებას ავრცელებს და მსმენელს ბოდიშს უხდის.

ბენდში ამბობენ, რომ "ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ აუდიტორიიდან სცენაზე აყვანილი ადამიანი მისაღები იყო". ისინი განმარტავენ, რომ მათი კომენტარი "შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული".

"ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია დრამებზე დასაკვრელად ხალხის დაპატიჟების და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ დღეს სცენაზე აუდიტორიიდან ამოყვანილი ადამიანი მისაღები იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომლის მიზანიც იყო ეთქვა, რომ The Killers-ის აუდიტორია და ფანები "ძმები და დები არიან", შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ერთად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით", - აღნიშნულია ბენდის განცხადებაში.

***

Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, ჯგუფის სოლისტმა დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათ შორის ვინმემ დრამზე დაკვრა, რის შემდეგაც, სცენაზე ერთ-ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა.

შერჩეული დრამერის ეროვნების გაგების შემდეგ, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ სცენაზე რუს დრამერს დაეკრა, რასაც ხალხის მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ამის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად დაუკრა.

სიმღერის დასრულების შემდეგ, The Killers-მა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და მუსიკაში საზღვრები არ არსებობს. ამ სიტყვებს აუდიტორიის მხრიდან უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.


close დახურვა