logo
ENG



The Times: დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება სურს

03 აპრ 202214:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/kf0q5yeou3qrp2s.jpg

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას უკრაინისთვის გემსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება სურს. ამ შეიარაღების გადაცემით, უკრაინელები შეძლებენ რუსული საბრძოლო ხომალდების ჩაძირონ და უკრაინის სანაპირო ქალაქებზე ზღვიდან დაბომბვის წნეხი შესუსტდეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა the Sunday Times ავრცელებს.

მედია ამ გეგმას დასავლეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის პასუხად "სიჩქარის შეცვლად" აღწერს.

The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა მინისტრებს უთხრა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სურს, რათა რუსულ ძალებს სამხრეთის საპორტო ქალაქ ოდესაში დაწინაურებაში ხელი შეეშალოთ. გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით კიევში რუსული ჯარების შესაკავებლად დაეხმარა. 

The Times ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიტანეთის გადაცემულმა რაკეტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კიევის დაბრუნებაში, ახლა კი რუსეთი სამხრეთზე, კონკრეტულად ოდესაზე კონცენტრირდება, სადაც უკრაინელებს გემსაწინააღმდეგო რაკეტები დასჭირდებათ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ოდესაში რუსული ძალები ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს.

წყაროს თქმით, ბრიტანეთის პრემიერი მზადაა, უკრაინას საკუთარი რესურსებით და სხვა ქვეყნებთან კოორდინაციით საჭირო იარაღი მიაწოდოს. 

„ჩვენ ველოდით ამ მასობრივ ტანკების კოლონის შემოსვლას მოსწორ ლანდშაფტზე და რომ კიევს ისინი 3 დღეში აიღებდნენ. მომდევნო თაობის მსუბუქმა ტანკსაწინააღმდეგო იარაღებმა (NLAW) ეს შეაჩერა.

ომის ეს ნაწილი არ დასრულებულა, მაგრამ შეჩერებულია. ისინი ახლა სამხრეთზე კონცენტრირდებიან. შემდეგი სამიზნე ოდესაა. ოდესაში ტანკები არ მოდიან, ეს გემები იქნება. ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გემების წინააღმდეგ არ მოქმედებენ, აბა რა მუშაობს? მათ სჭირდებათ ისეთი იარაღები, რაც გემებს გაუმკლავდება.

პრემიერმინისტრს აქვს დიდი სურვილი და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ მიმართულებით დახმარება. ჩვენ არ გვაქვს ყველაფერი, რაც მათ შემდეგი ეტაპისთვის სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ გავხდით სხვა ქვეყნების კოორდინატორიც“, - აცხადებს ერთ-ერთი ოფიციალური პირი.

მეორე წყაროს ინფორმაციით კი ბრიტანეთს აქვს უკრაინის საჭიროებების შესახებ განახლებადი ინფორმაცია და შესაბამისი დახმარების მიწოდებას ცდილობს.

„უკრაინელები შავ ზღვაში ლეტალურ დახმარებას ითხოვენ. ჩვენ ალბათ ყველაზე ახლო ურთიერთობა გვაქვს უკრაინელებთან ვიდრე ნებისმიერ სხვას. ჩვენ გვაქვს განახლებადი სია იმისა რასაც ისინი ითხოვენ და ვცდილობთ რომ როგორც შეგვიძლია შესაბამისად დავეხმაროთ. პრემიერმინისტრი უკრაინის თავდაცვის დახმარებას მხარს უჭერს და ის ამ საჭიროებასაც დაუჭერს მხარს", - წერს The Times წყაროზე დაყრდნობით.  

აღსანიშნავია, რომ გასულ ღამეს ჯონსონმა პრეზიდენტ ზელენსკის კიევის რეგიონის დაბრუნება მიულოცა. დაუნინგის ქუჩის სპიკერის ინფორმაციით, მათ ტელეფონით ისაუბრეს.


close დახურვა