logo
ENG



Tik Tok-ის დირექტორი ტრამპის ადმინისტრაციის წნეხის ფონზე გადადგა

27 აგვ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 
v4mfs7dfviqivyg.jpg

აპლიკაცია "Tik Tok"-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება კევინ მაიერმა გუშინ, 26 აგვისტოს გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციიდან მომავალი წნეხის გამო მიიღო, რაც, თავის მხრივ, აპლიკაციის ჩინური წარმომავლობით იყო განპირობებული. 

თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში, რომელსაც New York Times აქვეყნებს, მაიერი თანამშრომლებს ემშვიდობება და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას მკვეთრად შეცვლილ პოლიტიკურ ატმოსფეროს უკავშირებს. 

"ბოლო კვირებში, პოლიტიკური გარემოს მკვეთრი ცვლილების პარალელურად, მე სერიოზულად დავფიქრდი, თუ რას მოითხოვდა კორპორაციის სტრუქტურული ცვლილებები და რას მნიშვნელობას შეიძენდა ეს იმ გლობალური როლისთვის, რომელიც მე ავირჩიე. ამ ფონის საწინააღმდეგოდ და იმის გათვალისწინებით, რომ პრობლემის გადაწყვეტას სწრაფად მოვახერხებთ, გულდამძიმებული გატყობინებთ, რომ კომპანიის დატოვება გადავწყვიტე", - წერს მაიერი თავის თანამშრომლებს. 

მაიერის კომპანიიდან წასვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბოლო დროს აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობის უკიდურეს გამწვავებას. ტრამპის "ანტიჩინური კამპანიის" ფარგლებში, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა საჯარო კამპანია აწარმოეს ჩინური წარმომავლობის მქონე აპლიკაციების წინააღმდეგ. ტრამპის ადმინისტრაცია უკვე თვეებია აცხადებს, რომ მრავალი ჩინური აპლიკაციის, მათ შორის, Tik Tok-ის  მონაცემთა ბაზაზე, ჩინეთის დაზვერვის სამსახურებს პირდაპირი წვდომა აქვთ, რაც ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. 

მიმდინარე თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც "Tik Tok"-ს აკრძალვით დაემუქრა, თუ მისი მფლობელი კომპანია "Bytedance" 45 დღის განმავლობაში აშშ-ში არსებულ აქტივებს არ გაყიდდა. მოგვიანებით ტრამპმა კიდევ ერთი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ჩინურ კომპანიას 90 დღე მისცა აქტივების გასასხვისებლად. 

საპასუხოდ Tik Tok-მა ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. 

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში მაიერი წერს, რომ Tik Tok-ისთვის "მომავალი უკიდურესად ნათელია". 

"ისევე როგორც ყველა კომპანიას ჩვენს სფეროში, ჩვენც გვხვდება გამოწვევები, თუმცა მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მსოფლიო კლასის გუნდი გვყავს, მათ შორის უსაფრთხოების ნაწილში, რათა ჩვენი მომხმარებლები დაცულები იყვნენ და გვყავს გლობალური გუნდი, რომლის წყალობითაც ჩვენი პლატფორმა ასეთი უნიკალური, კრეატიული და მრავალფუნქციურია", - დაწერა მაიერმა თანამშრომლებთან გამომშვიდობებისას. 


close დახურვა