logo
ENG



UEFA-მ ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად ინსპექტორები დანიშნა

28 ნოე 202609:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/28/wksymwkgx8gnfs5.png

UEFA-ს ცნობით, ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ UEFA-მ უკვე დანიშნა ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები 26 ნოემბერს ბათუმში "ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას", და "მარსელსა" და "ლევსკი სოფიას" მატჩების დროს მომხდარი ინციდენტების გამოსაძიებლად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ UEFA მკაცრად გმობს ძალადობისა და უწესრიგობის სერიოზულ ინციდენტებს, მათ შორის გულშემატკივრების ჩართულობით შეტაკებებს.

UEFA აღნიშნავს, რომ ფეხბურთში ძალადობის, აგრესიის, სიძულვილისა და ნებისმიერი ფორმის პროვოკაციული, დისკრიმინაციული ან ექსტრემისტული ქცევის ადგილი არ არის.

"UEFA-ს შეჯიბრებები ეფუძნება პატივისცემის, სამართლიანი თამაშის, პატიოსნებისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ზემოთ ხსენებულ მატჩებში მომხდარი მოვლენები ეწინააღმდეგება ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს და UEFA-ს სტატუტში ასახულ მიზანს, რომ საფეხბურთო მატჩები ტარდებოდეს მშვიდობის, ორმხრივი პატივისცემისა და სპორტული სამართლიანობის სულისკვეთებით" - ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში, თურქულ "ბეშიქთაშსა" და ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" შორის მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, "ოცნების" ხელისუფლების სამართალდამცველებმა ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების პროცესში თურქი გულშემატკივრები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

მატჩი თავდაპირველად თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა UEFA-მ შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორგანიზაციის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე აცნობა, რომ სტამბოლში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის შეხვედრას საქართველო უმასპინძლებდა.

 


close დახურვა