logo
ENG



UN: პუტინი დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობას აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციაში

26 აპრ 202223:00
3 წუთის საკითხავი
 
UN: პუტინი დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობას აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციაში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტინიო გუტიერესთან შეხვედრაზე თქვა, რომ თანახმაა გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობაზე მარიუპოლიდან ევაკუაციის დერეფნების მოწყობაში. 

ამის შესახებ ინფორმაცია გუტიერესის პრესმდივანმა, სტეფან დიუჯარიკმა გაავრცელა. 

საქმე აზოვსტალის ქარხანაში მყოფ ადამიანებს ეხება - მის გვირაბებსა და ბუნკერებს 1 000-მდე თავს მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს. იქ იმყოფება 500-მდე დაჭრილი პირიც. 

"პრეზიდენტი დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში". - თქვა დუჟარიკმა, რია ნოვოსტის ცნობით. 

მისივე თქმით, საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია, გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს. 

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია. 

რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 100 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. წითელი ჯვარი აცხადებს, რომ მარიუპოლთან მხოლოდ 20 კილომეტრით მიახლოებას ახერხებენ. 

რუსულმა ძალებმა დაიკავეს მთლიანი მარიუპოლი. ისინი მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას ვერ აკონტროლებენ, სადაც აზოვის ბატალიონი და უკრაინის საზღვაო ქვეითი ბრიგადის 36-ე არმიაა განლაგებული. 3 დღის განმავლობაში რუსეთი აზოვსტალის აღებას ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. მათ გაანადგურეს ქარხანა, თუმცა, ვერ შეძლეს მისი გვირაბების აღება. 

ქარხანა აზოვსტალი 1930-იან წლებშია აშენებული. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქარხანაა. მეტალურგიული კომბინატის საერთო ფართობი თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია და მოიცავს კილომეტრებზე გადაჭიმულ გვირაბებს და საკომუნიკაციო არხებს. 


close დახურვა