logo
ENG



UNDP: თუ ომი გაგრძელდება, უკრაინელთა 1/3, შესაძლოა, სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს

16 მარ 202215:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/f710kzgfsnfd51e.jpg
Oleksandr Ratushnyak / UNDP Ukraine

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წინასწარი შეფასებით, თუ უკრაინაში ომი გაგრძელდება, შესაძლოა, მოსახლეობის 1/3 სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდეს, 62% კი უახლოეს 12 თვეში სიღარიბის საშიშროების წინაშე დადგეს.

გაეროს განვითარების პროგრამამ წინასწარი შეფასებების შესახებ დოკუმენტი დღეს გამოაქვეყნა. პირველადი მონაცემებით, უკრაინის მოსახლეობის 90% შესაძლოა სიღარიბისა და მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.

მათი ინფორმაციით, ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინის სოციო-ეკონომიკური მიღწევების 18 წელი, შესაძლოა, მთლიანად დაიკარგოს.

„უკრაინაში ომი იწვევს წარმოუდგენელ ადამიანურ ტანჯვას, ტრაგიკული დანაკარგებით და მილიონობით ადამიანის იძულებით გადაადგილებით. გარდა იმისა, რომ მყისიერი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელებისთვის უმთავრესი მნიშვნელობისაა, გახანგრძლივებული ომის შემთხვევაში მტკივნეული ზიანი განვითარებაზე ახლა უფრო მკაფიო ხდება.

შემაშფოთებელი ეკონომიკური დაღმასვლა და ის ტანჯვა და გაჭირვება რასაც ის მოიტანს უკვე ტრავმირებული მოსახლეობისთვის ახლა მკაფიო ფოკუსში უნდა იყოს.

კიდევ არის დრო რომ შეჩერდეს ეს სასტიკი ტრაექტორია.“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, აჩიმ სტეინერმა.

გაეროს განვითარების პროგრამა, უკრაინის ხელისუფლებასთან სანდო თანამშრომლობის შედეგად ქვეყნის 24 რეგიონსა და 332-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მუშაობს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მინიმუმ 100 მილიარდი დოლარის ინფრასტრუქტურა, შენობები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, სკოლები და სხვა შენობები განადგურდა.

ომმა უკრაინული ბიზნესების 50%-ზე მეტის მთლიანი დახურვა გამოიწვია, მეორე ნახევარს კი შესაძლოზე ბევრად დაბალი მოცულობით უწევთ მუშაობა.


close დახურვა