15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაია პარლამენტში დაიბარეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ მოზარდის გარდაცვალებაზე არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
„დამერწმუნეთ, ამ პროცესში არავინ არავის ხელს არ დააფარებს და ამიტომ ვთხოვეთ ლონდას მოსვლა, რომ ყველა დეტალი გავიაროთ, თუ ამ კონკრეტული პირის მიმართ სტრასბურგმა გამოიტანა დასკვნა და ეს ადმაიანი ამდენი ხნის განმავლობაში მაინც რჩებოდა სისტემაში, ეს რა თქმა უნდა, არის პრობლემა. სანამ რაიმე დეტალურ განცხადებას გავაკეთებ, უნდა გავესაუბრო ინსპექტორს", - აცხადებს სოფო კილაძე.
ლონდა თოლორაიასთან გასაუბრებამდე სოფო კილაძე შეხვდა UNICEF-ის წარმოამდგენელს და მისგან მოისმინა როგორც შეკითხვები, ისე რეკომენდაციები მოზარდის საკითხთან დაკავშირებით.
UNICEF-ის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის დახმარება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოები ხელმძღვანელობდნენ „ბავშვის უფლებათა კოდექსით“.
„ვუსამძიმრებთ ოჯახს და მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო, მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ ვერ ვიტყვით, ვისი ბრალია გამოკვეთილი. თუმცა ყველა უწყება, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვის უფლებების დაცვა, ნებისმიერ ვითარებაში ეს უნდა იყოს მათი მხრიდან უზრუნველყოფილი და უნდა გაძლიერდეს სოც.მუშაკისა და ფსიქოლოგის ინსტიტუტი, ეს მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბავშვებისთვის. სამართალმდამცველებმაც უნდა იხელმძღვანელონ ბავშვის უფლებათა კოდექსით", - ამბობს ხასან ხალილი.
ლონდა თოლორაია საკანონმდებლო ორგანოში 11:00 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ის პირველ საათზე მივა პარლამენტში.
