logo
ENG



USAID: მივესალმებით, რომ ISFED-მა საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა PVT და გაასაჯაროვა

14 დეკ 202020:07
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/14/wxj4s3cd274m19z.jpg

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიერ საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადამოწმებასა და შიდა აუდიტის დასკვნის გასაჯაროებას მიესალმება.

როგორც USAID-ის განცხადებაშია აღნიშნული, ISFED-ი პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა.

"USAID აფასებს ხანგრძლივ, მჭიდრო თანამშრომლობას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანიზაციასთან "სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED). ჩვენი თანამშრომლობით მხარს ვუჭერთ დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.

მივესალმებით ISFED-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და საზოგადოებას გააცნო შიდა აუდიტის დასკვნა. ISFED პროფესიონალური და ღირსეული რეპუტაციის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებელია გამჭირვალე ინფორმაციის უზრუნველყოფაზე, საკუთარ მონაცემთა ხარისხის კონტროლსა და შედეგების სიზუსტეზე PVT-ის ჩატარების საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

მხარს ვუჭერთ არჩევნების მონიტორინგში ჩართული ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალე მუშაობას და ვაფასებთ ISFED-ის მიერ  არჩევნების შემდგომ რთულ გარემოში განხორციელებულ საქმიანობას", - ნათქვამია USAID-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრა, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ "2-3 კვირის წინ შედგა".


close დახურვა