ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების მიმდინარეობის შესახებ ცნობებს რეგულარულად აწვდიდა.
გამოცემის წყაროს ცნობით, სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების შესვენებების დროს ლავროვს ხშირად ურეკავდა, რათა მისთვის განხილული საკითხების და შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ ცნობები მიეწოდებინა.
Washington Post-თან ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ფარული ზარების წყალობით, "მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირის ყველა შეხვედრაზე მოსკოვი ფაქტობრივად მოლაპარაკებების მაგიდასთან იმყოფებოდა".
WP წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სიიარტომ მოსკოვში 16 ოფიციალური ვიზიტი განახორციელა, რომელთაგან ბოლო 2026 წლის 4 მარტს შედგა, როდესაც ის პუტინს შეხვდა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, არ არის გასაკვირი, რომ "ორბანის ხალხი" მოსკოვს შეხვედრებზე ინფორმაციას აწვდიდეს, ტუსკი აღნიშნავს, რომ ამის ეჭვი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.
