logo
ENG



WP საქართველოზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ოცნებას ავტორიტარულ, პრორუსულ ჯგუფად მოიხსენიებს

05 სექ 202418:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/05/xwyq1etwwz14o0e.jpg

The Washington Post საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ვრცელ სარედაქციო სტატიას აქვეყნებს. 

პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თავისუფალი კონკურენციის გარეშე, დემოკრატიის არსებობა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, საქართველოდან ბოლო ცნობები საგანგაშოა. სტატიაში მმართველი პარტია ქართული ოცნება ავტორიტარულ, პრორუსულ ჯგუფადაა მოხსენებულია და ნათქვამია, რომ ის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვით იმუქრება. 

"ეს შეიძლება იყოს უკანასკნელი მოწოდება საქართველოში დემოკრატიისკენ და აშშ-ს შეუძლია, მეტი გააკეთოს მის გადასარჩენად", - წერს WP. 

ამასთან, პუბლიკაციაში ნათქვამია, ქართული ოცნების რუსეთთან კავშირის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი დემოკრატიული და ევროპული მომავლის ერთგული რჩება, რაც საქართველოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. 

საუბარია რუსულ კანონზეც. WP წერს, რომ ქართულმა ოცნებამ ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონი პუტინის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის მიხედვით მიიღო და მას წინ ახალგაზრდების პროტესტი უძღოდა. გამოცემა მიუთითებს, რომ მსგავსი კანონები ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისა და მათი დაფინანსების ჩახშობის მიზნით გამოიყენება. 

"ევროკავშირმა და აშშ-მა გააფრთხილეს საქართველო, რომ ეს კანონი იქნება სერიოზული დაბრკოლება ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის, რაც უდაოდ, არის ერთი მიზეზი, რატომაც მას უჭერს მხარს ქართული ოცნება და მისი რუსი მომხრეები", - ნათქვამია პუბლიკაციაში. 

საუბარია ბოლოდროინდელ მოვლენებზეც, კერძოდ კი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მუქარაზე. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ეს მუქარა ეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა და ის ახლა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებითაა ციხეში. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნების უკან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მისი განცხადებები "მეორე ფრონტთან დაკავშირებით", პუტინის პარანოიდულ გაფრთხილებებს ეხმიანება, რომ თითქოს დასავლეთი საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მოწყობას გეგმავს. 

"პრემიერმინისტრის [ირაკლი კობახიძის] ბოლო კომენტარები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ოპოზიციის გასაქრობად ემზადება", - წერს გამოცემა. 

ამასთან, როგორც WP წერს, ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ, სააკაშვილის მეთაურობით, 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება მოახდინა. 

"ეს აბსურდია: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%", - წერს გამოცემა. 

ბოლოს კი როგორც The Washington Post-ის სტატიაში ვკითხულობთ, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქალაქეების თითქმის 2/3 თვლის, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დგას და დროა, მმართველი გუნდი შეიცვალოს. ნათქვამია, რომ ეს განწყობა განსაკუთრებით მძაფრია ახალგაზრდებში და ისინი მოახლოებულ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით აპირებენ, წარდგნენ. 

 

 

close დახურვა