Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუს ბიზნესმენს რომან აბრამოვიჩს და მასთან შეხვედრილ უკრაინის დელეგაციას მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია შეხვედრაზე, რომელიც აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციას შორის 3 მარტს, კიევში შედგა.
წყაროს თქმით, შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩს და დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს ერთნაირი სიმპტომები გაუჩნდათ, მათ შორის თვალების სიწითლე, კანის აქერცლვა სახესა და ხელებზე და მტკივნეული ცრემლდენა. Wall Street Journal-ის წყარო ამბობს, რომ ამ დროისთვის რუსი ბიზნესმენი და უკრაინის დელეგაციის წევრები გამოკეთდნენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მედიის ცნობით, დელეგაციის ერთ-ერთი წევრი რაადას დეპუტატი რუსტემ უმეროვია.
რამდენიმე წყარომ Wall Street Journal-ს უთხრა, რომ ინციდენტში, სავარაუდო, გარეული არიან კრემლის წარმომადგენლები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოლაპარაკების გზით შეთანხმებას.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება Bellingcat. თუმცა Bellingcat-ი წერს, რომ სიმპტომები უკრაინის დელეგაციის არა 2, არამედ 3 წევრს ჰქონდა. შეხვედრა კი 3 მარტს, ღამით გაიმართა. Bellingcat-ის ინფორმაციით, გამოყენებული იყო ქიმიური იარაღი.
განახლება: ინფორმაციას ასევე The Guardian-ის ჟურნალისტი შონ უოკერიც ავრცელებს, რომელიც წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აბრამოვიჩმა სიმპტომების გამოვლენისას, რამდენიმე საათით მხედველობა დაკარგა და ის თურქეთში მკურნალობდა.