The Wall Street Journal და სხვა ამერიკული გამოცემები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ, რომ ვაშინგტონმა შეარჩია, ვენესუელაში ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული რომელ ობიექტებზე განახორციელებს იერიშს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დრონალდ ტრამპს სახმელეთო თავდასხმების ბრძანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ოფიციალური პირების თქმით, პოტენციური საჰაერო კამპანია ფოკუსირებული იქნება იმ სამიზნეებზე, რომლებიც კვეთაშია ნარკობანდებისა და მადუროს რეჟიმთან.
წყაროების განცხადებით, თუ ტრამპი საჰაერო თავდასხმების განხორციელებას გადაწყვეტს, სამიზნეები მკაფიო გზავნილს გაუგზავნის ვენესუელის ლიდერს, ნიკოლას მადუროს, რომ დროა, თანამდებობა დატოვოს.
გამოცემა ასევე წერს, რომ ტრამპი და მისი მაღალი რანგის თანაშემწეები განსაკუთრებით არიან ორიენტირებულნი მადუროს დამხობაზე. ეს გამოჩნდა აშშ-ის სამხედროების მიერ ნავებზე უკვე განხორციელებულ იმ თავდასხმაზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, კარიბის ზღვისა და აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის აუზში ნარკოტიკები გადაჰქონდათ.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის ცნობით, განსახილველი პოტენციური სამიზნეები მოიცავს სამხედროების მიერ კონტროლირებად პორტებსა და აეროპორტებს, რომლებიც სავარაუდოდ, ნარკოტიკების გადასაზიდად გამოიყენება.
„პრეზიდენტი ტრამპი მკაფიო გზავნილს უგზავნის მადუროს: შეწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებისა და კრიმინალების გამოგზავნა. პრეზიდენტი მზად არის, გამოიყენოს ამერიკის ძალაუფლების ყველა ელემენტი იმისთვის, რომ შეაჩეროს ნარკოტიკების ჩვენს სამშობლოში შემოდინება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ.
პრეზიდენტად მეორე ვადით მოსვლის შემდეგ, ტრამპმა პირობა დადო, რომ აღკვეთდა ლათინური ამერიკიდან აშშ-ში უკანონო ნარკოტიკების შემოდინებას, რასაც, მისი თქმით, ყოველწლიურად ათობით ათასი ამერიკელის სიკვდილი მოჰყვებოდა.
ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-მ უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო ძალა განათავსა კარიბის ზღვის აუზში, პარალელურად კი გააძლიერა კამპანია რეგიონში სავარაუდო ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ.
