logo
ENG



WSJ: ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა ნიკოლაი პატრუშევმა დაგეგმა

22 დეკ 202315:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/22/kkf6zr41cxsa7j2.jpg

გამოცემა The Wall Street Journal წერს, რომ დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა დაგეგმა.

სტატიის მიხედვით, პატრუშევი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აფრთხილებდა, რომ უკრაინასთან ომში ვაგნერის ხელმძღვანელზე ფსონის დადება მას მხოლოდ გავლენას მატებდა. გამოცემის თქმით, პუტინმა პატრუშევს არ დაუჯერა, რადგან ვაგნერმა ბრძოლის ველზე გარკვეულ წინსვლას მიაღწია.

2022 წლის ოქტომბერში, პრიგოჟინმა სატელეფონო საუბრისას პუტინთან უხეში ფორმით გამოთქვა პრეტენზია საბრძოლო მასალის დეფიციტთან დაკავშირებით, რასაც ვაგნერის სამხედრო ამბოხება მოჰყვა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პატრუშევმა პრიგოჟინის მკვლელობის დაგეგმვა სწორედ ამ ამბოხების შემდეგ დაიწყო. გეგმის შესახებ ვლადიმერ პუტინმაც იცოდა, მაგრამ ნიკოლაი პატრუშევისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

24 ივნისს, რუსეთში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრებს შორის პრიგოჟინიც იყო.


close დახურვა