logo
ENG



WaPo: უკრაინა სარაკეტო სისტემების ცრუ ასლებს ქმნის და რუსეთს მათზე რაკეტებს ახარჯვინებს

31 აგვ 202213:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/31/4vuuw5xyp8gcyke.jpg
Tony Overman/ Olympian/ AP

The Washington Post ამერიკელ და უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინელები ამერიკული სარაკეტო სისტემების ყალბ მოდელებს ამზადებენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებენ, რითაც რუსეთის ძალებს ძვირადღირებულ, შორ მანძილზე სასროლ რაკეტებს ახარჯვინებენ.

მედიის ცნობით, უკრაინული სატყუარები არაა ფუნქციური, ისინი ხისგანაა დამზადებული და რუსული დრონების ლინზიდან ამერიკული საარტილერიო აღჭურვილობისგან არ განირჩევა. შესაბამისად, აღმოჩენისთანავე რუსული ძალების სამიზნედ იქცევიან. დრონები ამგვარი სატყუარების ადგილდებარეობას ავტომატურად გადასცემენ შავ ზღვაში მდებარე საზღვაო-საკრუიზო რაკეტების გადამტანებს. 

„როდესაც უპილოტო საფრენი აპარატები ამ ბატარეას ხედავენ, ეს VIP სამიზნე ხდება“ - აცხადებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი.

The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავდაპირველად რამდენიმე კვირაში ამგვარ სატყუარებზე სულ მცირე 10 რუსული კალიბრის საკრუიზო რაკეტა დაიხარჯა, რის შემდეგაც უკრაინელებმა აღჭურვილობის მსგავსი რეპლიკების წარმოება გაზარდეს.

ამგვარი ასლების აღწერისას, უკრაინის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯარი მიმართავს არატრადიციულ ტაქტიკებს, რათა დიდი მტრისგან თავი დაიცვას. „პატარა საბჭოთა ჯარს არ შეუძლია დაამარცხოს დიდი საბჭოთა ჯარი. ჩვენ გვჭირდება არასტანდარტული ბრძოლა“ - განაცხადა მან. 

სამხედრო კონფლიქტებში ამგვარი მოდელების სატყუარად გამოყენებას ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა უკრაინის ომში მათი ამ დრომდე გამოყენების შესახებ ცნობები არ არსებობს. ეს ის ერთ-ერთი არატრადიციული ტაქტიკაა, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მრავალრიცხოვანი და უკეთესად შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ იყენებენ.

სამხედრო ექსპერტები The Washington Post-თან ინტერვიუში აცხადებენ, რომ შესაძლოა, რუსეთის მიერ იმ განადგურებულ დასავლური არტილერიაში, რაზეც რუსეთი მუდმივად ავრცელებს ცნობებს ამგვარი უკრაინული რეპლიკების განადგურება ნაწილობრივ მაინც მოიაზრებოდეს. ეს მეტად სავარაუდოა, აშშ-დან უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების შემთხვევაში, ვინადიან აშშ აცხადებს, რომ რუსეთის იმაზე მეტი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები განადგურებაზე დებს თავს, ვიდრე აშშ-მ უკრაინას გადასცა.

„ისინი ირწმუნებიან, რომ იმაზე მეტ HIMARS-ს დაარტყეს, ვიდრე ჩვენ გავგზავნეთ“ - აცხადებს აშშ-ის ხელისუფლების წევრი.

გასულ თვეში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის სამხედრო მარაგებზე უკრაინელების თავდასხმის შემდეგ განკარგულება გასცა, რომ პრიორიტეტი შორ მანძილზე სასროლი საარტილერიო სისტემების განადგურება გახდებოდა.

მას შემდეგ, თითქმის ყოველ კვირა შოიგუ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სარაკეტო სისტემების წარმატებით განადგურების შესახებ - მათ შორისაა აშშ-ში დამზადებული HIMARS სისტემებიც.

აგვისტოს დასაწყისში კი პენტაგონის სპიკერმა უარყო შოიგუს ცნობები და განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ყველა HIMARS სისტემა აღრიცხულია.

„ჩვენ გვაქვს ცნობები მინისტრი შოიგუს ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ და ისინი კვლავ აბსოლუტურად მცდარია. სინამდვილეში რაც ხდება ისაა, რომ უკრაინელები საოცარი სიზუსტით და ეფექტურობით იყენებენ ყველა აღრიცხულ სარაკეტო სისტემას“ - განაცხადა პენტაგონის მოქმედმა სპიკერმა, ტოდ ბრესელმა.

პენტაგონის ცნობით, მათ უკრაინას ომის დაწყებიდან 16 ერთეული HIMARS სისტემა გადასცეს. უკრაინამ კი მოკავშირეებისგან მსგავსი ფუნქციების მქონე M270 სარაკეტო სისტემები მიიღო. თუმცა ამ დროისთვის უცნობია, მათგან რამდენია ფუნქციური და რამდენი განადგურდა.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ხანგრძლივ საარტილერიო ომში, რუსეთის სარაკეტო არსენალის გაფლანგვისა და შემცირების გზების მოძებნა უკრაინის შედარებით მცირერიცხოვანი ჯარისთვის სამხედრო უპირატესობების მომტანია.

„თუ რუსებს ჰგონიათ, რომ HIMARS-ს დაარტყეს, ისინი განაცხადებენ, რომ HIMARS-ს დაარტყეს. რუსულმა ძალები სავსებით შესაძლებელია, რომ გადაჭარბებულად აფასებდნენ [უკრაინისთვის მიყენებულ] საბრძოლო ზიანს HIMAR-ის სატყუარებზე თავდასხმის შემდეგ“ - აცხადებს ომის კვლევის ინსტიტუტის სამხედრო მკვლევარი ჯორჯ ბაროსი.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთს მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი ეწურება. ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამსახურების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

„კალიბრის რაკეტა, რომელსაც მინდორში ცრუ HIMARS-ის სამიზნეს ესვრიან, ის რაკეტაა, რომელსაც [რუსები] უკრაინული ქალაქის წინააღმდეგ ვეღარ გამოიყენებენ“ - აცხადებს საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი.

სამხედრო მკვლევრის, ჯორჯ ბაროსის თქმით, ამგვარი სატყუარების გამოყენების კიდევ ერთი დადებითი მხარე შეიძლება ის იყოს, რომ რუსულმა ძალებმა სიფრთხილის მიზნით აღჭურვილობის საწყობები ფრონტის ხაზიდან შორს გადაიტანონ, რათა ისინი უკრაინის HIMARS-ებისთვის ხელმისაწვდომ რადიუსში არ მოხვდნენ. 

„ამგვარი რეორგანიზაცია კი შეასუსტებს რუსეთის მასობრივი საარტილერიო დარტყმების შესაძლებლობას - იმ ტაქტიკას, რითაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაწინაურებას გეგმავდნენ“ - აცხადებს ბაროსი.

27 აგვისტოს უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენლმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომში მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი თითქმის სრულად ამოწურა. მისი ცნობით, რუსეთს "კალიბრის", "ისკანდერის" და "კინჟალის" რაკეტების მცირე არსენალი აქვს დარჩენილი.

სკიბიცკი აცხადებს, რომ რუსეთს ომამდე არსებული რაკეტების დაახლოებით 45% აქვს დარჩენილი. "ისკანდერის" რაკეტების რაოდენობა კი პირვანდელი რიცხვის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.


close დახურვა