ამერიკული გამოცემა Washington Examiner საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ქართული ოცნება არც ამერიკის და არც ტრამპის მეგობარი არ არის.
სტატიის ავტორი, ტომ როგანი მიმოიხილავს იმ მიზეზებსაც, თუ რატომ შეიძლება ტრამპმა, პირიქით, ნაცვლად ოცნებისადმი მეგობრული დამოკიდებულებისა, ოცნების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. როგანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტრამპი მის ფიქციას წამოეგება.
ამასთან, სტატიაში ვკითხულოთ, რომ ნოემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დაშინებისა და აშკარა გაყალბებით იყო გაჯერებული, ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები შეაჩერა.
"ნოემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელობით დაშინება და აშკარა გაყალბება მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები.
ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მკაფიო კონსტიტუციური მოთხოვნაა და ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს უჭერს. კანონიერი ვალდებულებების ამ ღალატის საპასუხოდ, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ხელისუფლების კონსტიტუციური ლოიალობის აღდგენის მოთხოვნით. ქართულმა ოცნებამ არანაირი სინანული არ გამოხატა. პირიქით, საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას მან უაზრო სისასტიკით მოახდინა რეაგირება. ასობით ადამიანი სასტიკად სცემეს და/ან დააკავეს კანონიერი საფუძვლის გარეშე. მედია ასევე გახდა ძალადობრივი სამთავრობო ბანდების მიზანმიმართული სამიზნე. აქ მთავარი ბოროტმოქმედი ბიძინა ივანიშვილია.
მიუხედავად იმისა, რომ ის ოცნების საპატიო თავმჯდომარე მხოლოდ ქაღალდზეა, ივანიშვილი ხელისუფლების მიღმა უმაღლესი ავტორიტეტია. მილიარდერმა ოლიგარქმა, ივანიშვილმა თავისი ფული რუსეთში პოსტსაბჭოთა ინდუსტრიის ძარცვით გამოიმუშავა. დღეს ის იყენებს თავის ძალაუფლებას უაზრო კორუფციისთვის, ანაწილებს სამთავრობო რესურსებსა და მომგებიან კონტრაქტებს, რათა მისი ოჯახის წევრებმა და მისდამი ლოიალურმა პირებმა სარგებელი ნახონ.
იმ ძალადობის საპასუხოდ, რასაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს, ბაიდენის ადმინისტრაციამ მათთან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ამპარტავნულად დებს ფსონს, რომ ტრამპი უგულებელყოს მათ სისასტიკესა და კორუფციას.
პარტიას სურს, რომ ტრამპმა უგულებელყოს მათ მიერ სახელმწიფო რესურსების მოპარვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო მამაკაცებსა და ქალებზე თავდასხმა. “ქართულ ოცნებას” ასევე სურს, რომ ტრამპმა ვერ შეამჩნიოს მათი ხვეწნა-მუდარა რუსეთისადმი, მათი პრემიერმინისტრის დასწრება ჰამასის წამყვანი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე და მათი მხარდაჭერა ჩინეთის სტრატეგიული ინტერესებისადმი.
ამ უკანასკნელმა ფაქტორმა მთავრობა პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე და, როგორც ჩანს, ჩინეთის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ინტერესების არაკვალიფიციურ მხარდაჭერამდე მიიყვანა.
ოცნება იმედოვნებს, რომ ტრამპი იგივე მიდგომას გამოიყენებს, როგორც უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის მიმართ. კერძოდ, მიესალმება მის რიტორიკულ შექებებს, უგულებელყოფს ტრამპისა და ამერიკის უმაღლესი ინტერესების ღალატს.
ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტრამპი მის ფიქციას წამოეგება. პირველი ადმინისტრაციის პერიოდში, Nord Stream 2-ის გაზსადენის სანქცირებით, ტრამპმა აჩვენა მზაობა, მიზანში ამოეღო ის ეკონომიკური ინტერესები, რომლებიც ძირს უთხრიან აშშ-ს უსაფრთხოებასა და ინტერესებს.
ივანიშვილი და ოცნება გადმოსცემს სწორედ იმას, რაც ტრამპის პოლიტიკურ იდენტობას განსაზღვრავს: კორუმპირებული ელიტა, რომელიც ჩვეულებრივი მამაკაცებისა და ქალების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს ყოველგვარი დანაშაულის შეგრძნების გარეშე", -
ტომ როგანი მიხეილ ყაველაშვილის არალეგიტიმურ პრეზიდენტად დანიშვნაზეც საუბრობსრს და მის მიერ გაკეთებულ ანტიამერიკულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.