logo
ENG



Wizz Air -ის ბაზის მუშაობა შეჩერდა - მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაშიც, ფრენები 8 მიმართულებით აღდგება

01 ივლ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

Wizz Air -ის პროგნოზით, ქუთაისში ბაზის დაბრუნება 2021 წლის გაზაფხულამდე არ იგეგმება.  ავიაკომპანიამ სამივე ლაინერი ბუდაპეშტში გაიყვანა. 200-ზე მეტი ადამიანი ასევე უვადო შვებულებასა და გაურკვევლობაშია. ისინი დღეს აეროპორტში შეიკრიბნენ, თუმცა თათბირის შემდეგ კომენტარები არ გაუკეთებიათ. როდის დაბრუნდებიან ქუთაისის ბაზაზე თვითმფრინავები უცნობია. 

არაოფიციალური ინფორმაციით, მიმოსვლის აღდგენის შემთხვევაშიც კი 2021 წლის გაზაფხულამდე დაბალბიუჯეტიანი ფრენები მხოლოდ 8 მიმართულებით განახლდება. ესენია: ვენა, ლარნაკა, დორტმუნდი, ათენი, ბუდაპეშტი, რიგა, ვილნიუსი  და ვარშავა.  დღეიდან შეჩერებულ მიმართულებებზე გაყიდული ბილეთების თანხას უკან აბრუნებენ.

Wizz Air -ის ბაზის მუშაობის შეჩერების მიზეზი მთავრობის მიერ რეგულაციების გახანგრძლივებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ევროკავშირმა შეიყვანა, ქვეყანა ევროპის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ივლისში არ აღადგენს. უცნობია განახლდება თუ არა მიმოსვლა აგვისტოში - ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მიხედვით,  უმეტესი მიმართულებით ფრენები შეჩერებულია. ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენების აღდგენა მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

ეკონომიკის მინისტრისთვის მნიშვნელობა არ აქვს იქნება თუ არა ბაზირებული ვიზეარის თვითმფრინავები ქუთაისში. ნათია თურნავას კომენტარი ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. მინისტრი ამბობს, რომ ბაზირება ტექნიკური საკითხია. რა ელით უვადო შვებულებაში გაშვებულ დასაქმებულებს ნათია თურნავა არ საუბრობს. 

ოპოზიციის ინფორმაციით, რეგულარული ფრენები არც აგვისტოში აღდგება. მთავრობის ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნისთვის დამაზიანებელ გზას ადგას, საკუთარი გადაწყვეტილებით უმუშევრად ტოვებს ადამიანებს და ტურიზმის სფეროს 8 მილიარდამდე ზარალს აყენებს. ოპოზიციაში არც იმას გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნება“ ფრენების აკრძალვით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლას ხელს უშლიდეს. 

 

 


close დახურვა