კომპანია Wolt-ი, კურიერს, რომელმაც მომხმარებელს პირად ნომერზე მისწერა, დროებით ბლოკავს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კურიერს დროებით ჩამოერთვა შეკვეთების მიტანის შესაძლებლობა, მანამ, სანამ არ მოხდა საკითხის სრულად გამოკვლევა მასში მონაწილე ყველა ჩართულ მხარესთან გასაუბრებით.
კომპანიაში ამბობენ, რომ საკითხში გასარკვევად პირადად გაესაუბრნენ მომხმარებელს და მისი პოზიცია მოისმინეს.
"პარალელურად, ამ ფაქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ონლაინ სივრცეში, ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია რამდენიმე გარემოების განმარტება:
- ყველა პარტნიორი კურიერი, მუშაობის დაწყებამდე გადის ტრენინგს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაა. დამატებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ტრენინგის შემდგომ, პარტნიორ კურიერებს უტარდებათ ტესტირება. მხოლოდ ამ ეტაპების წარმატებით გადალახვის შემდგომ პარტნიორი კურიერის იწყებს თანამშრომლობას ვოლტთან.
- პროგრამულად, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პარტნიორი კურიერისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ შეკვეთის მიტანის პროცესში. შეკვეთის მიტანის დასრულებისთანავე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კურიერისთვის პროგრამულად ხელმიუწვდომელია.
ჩვენთვის სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მკაცრად დაირღვა მომხმარებლის უფლებები და მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების და დაცვის წესი, რაზეც პასუხიმგებლობას კომპანია სრულად თავის თავზე იღებს. ჩვენი რეაქცია იქნებოდა უმკაცრესი, რომ არა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა, კურიერთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ვინაიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ასევე, ვითვალისწინებთ აღნიშნულ კურიერთან ხანგრძლივ თანამშრომლობას, რომლის დროსაც არცერთ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში პარტნიორ კურიერს ათი დღით ვუზღუდავთ მიტანის სერვისის განხორციელების უფლებას, რის შემდეგაც ჩაუტარდება ტრენინგი და ტესტირება. მხოლოდ ტესტის წარმატებულად გავლის შემდგომ მას მიეცემა უფლება განაგრძოს პარტნიორობა ჩვენს კომპანიასთან", - ნათქვამია Wolt-ის განცხადებაში.
იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს, კომპანია გადახედავს პარტნიორი კურიერებისთვის მომხმარებელთა მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცედურას, ასევე ტრენინგის შინაარსსა და ტესტირების პროცესს.
კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ მსგავსი ფაქტების შემთხვევაში ადმინისტრაციას აცნობონ.
ცნობისთვის, Facebook-ის მომხმარებელი წერდა, რომ მას Wolt-ის კურიერმა პირად ნომერზე მისწერა. ქალის მიერ გასაჯაროებულ სქრინში ჩანს, რომ კურიერმა შემდეგი შინაარსის შეტყობინება მისწერა: "სხვათა შორის ძალიან კარგად გამოიყურებით"