logo
ENG



მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულებები ოცნების შემწირველებს - NGO-ები კორუფციის საფრთხეზე საუბრობენ

20 მაი 202014:47
3 წუთის საკითხავი
clock 629

არასამთავრობო ორგანიზაციები კოვიდ-19-ის პირობებში სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკებსა და კორუფციის საფრთხეზე საუბრობენ.  

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ კვლევა მოამზადა და იმ ხელშეკრულებებით დაინტერესდა, რომელიც მმართველმა გუნდმა კონკრეტულ კომპანიებთან საკვები პროდუქტების შეძენის მიზნით გააფორმა. კვლევის შედეგად იკვეთება, რომ კომპანიები რომლებთანაც ხელშეკრულებები დაიდო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ. მაგალითად, კვლევაში საუბარია შპს „ალფასა“ და შპს „მზიურზე“, რომელსაც პირდაპირი შესყიდვის წესით მთავრობამ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ამ კომპანიებს სხვადასხვა საკვები, მათ შორის რუსული წარმოების მზესუმზირა და მაკარონი შემოაქვთ.

„3 აპრილს სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტომ უკვე პირდაპირი ხელშეკრულებები გააფორმა შესაბამის კომპანიებთან ზეთის შაქრისა და მაკარონის შესასყიდად. საკმაოდ დიდ რაოდენობებზეა საუბარია, შესაბამისად, თანხების არის მაღალი. ორი კომპანია იქნა არჩეული ამ შემთხვევაში. პრობლემურია ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები ერთსა და იმავე დღეს აქვს შეწირულობები, ერთი და იგივე თანხებით. ზოგადად არის გამარტივებული შესყიდვა პრობლემური იქიდან გამომდინარე, რომ მოიცავს ძალიან დიდი რისკებს კორუფციის კუთხით“, - განაცხადა idfi-ს ანალიტიკოსმა მარიამ გოგიაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამბობენ, რომ კორუფციის რისკების ზრდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთავრობის ჭარბი ძალაუფლებით არის განპირობებული. ორგანიზაცია პარლამენტს და აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, განახორციელონ მუდმივი მონიტორინგი იმ შესყიდვებზე, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, რათა კორუფცია და თანხების არამიზნობრივად ხარჯვა თავიდან იქნას აცილებული.

„მაშინ როდესაც ხდება დიდი თანხების ხარჯვა სწრაფად, არის რისკი, რომე ეს ხარჯვა მოხდეს სათანადო გამჭვირვალობის, ღიაობის გარეშე და სადაც არ არის ღიაობა, იქ ცხადია კორუფციის რისკი მატულობს. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, რომ ხელისუფლება არც თუ ისე იშვიათად მიმართავს გამარტივებული შესყიდვების მექანიზმს. მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს. არსებობს საფრთხე, რომ ამ ვითარებაშიც, როდესაც მთავრობა გეგმავს, რომ დიდი რაოდენობით თანხები დახარჯოს, ამ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიხარჯება არაკონკურენტულ გარემოში, რაც თავის მხრივ გაზრდის კორუფციის რისკს“, - განაცხადა TI-ს კვლევითი პროექტების ხელმძღვანელმა ერეკლე ურუშაძემ.

TI-ს ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები ხელშეკრულებებს საკვების შესყიდვის მიზნით აფორმებდნენ ერთი და იმავე კომპანიასთან - შპს „მადაგონი 2“, რომლის დირექტორიც გიორგი ბედინეიშვილი 2016 წელს ასევე „ქართული ოცნების“ შემწირველი იყო. 


close დახურვა