logo
ENG



გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

22 ივნ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 
w57ugqinsapauzr.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

რეზოლუცია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო და ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვების შემოღებით.

ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით და ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამ რეზოლუციის მიღებით დამტკიცდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

„მიანიშნებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ საკითხი არის აქტუალური. თანამეგობრობა აქცევს ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას", - ამბობს დავით ზალკალიანი.


close დახურვა