logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა 17-ვე დაკავებულის პატიმრობას ითხოვს

27 ივნ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 
9d6ixe5805gq39x.jpg

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 17-ვე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, 17-ვე პირს ბრალი ორი ან მეტი მუხლით აქვს წარდგენილი. 

საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

პროკურატურამ ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ამავდროულად, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა რიცხვი ამ ეტაპისთვის 750-ზე მეტია, მათ შორის: საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება; ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი; ჩატარდა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე ათეული, სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა; საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში; მოპოვებულია ასევე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და განხორციელდა მათი დათვალიერება;

ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით.


close დახურვა