სერგი კაპანაძე თეა წულუკიანის პარლამენტში მისვლას ითხოვს - როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განმარტა, არსებობს კითხვები ბაჩანა შენგელიას საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ, რაზეც იუსტიციის მინისტრმა უნდა გასცეს პასუხი.
სერგი კაპანაძემ მინისტრის პარლამენტში მოსვლის უზრუნველყოფა პარლამენტის თავმჯდომარეს მოსთხოვა:
„ორი კვირის წინ ბაჩანა შენგელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკანონოდ შეუწყვიტეს საქმიანობა. ეს ბრძანება შეაჩერა სასამართლომ. აღსრულების ბიურომაც ბრძანა, რომ აღუდგეს საქმიანობა.
მოვითხოვეთ წულუკიანის მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ წულუკიანი არ მოდის კომიტეტზე. იქნებ უზრუნველყოთ, რომ წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და რაც ღია ინფორმაციაა, რომ არ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას - ამაზე პასუხი გასცეს პარლამენტს.
არის მოწვევა, რომ უპასუხოს პარლამენტის კითხვებს - არ ასრულებს კანონს და არც მოდის პარლამენტში. თქვენი მოვალეობაა, რომ უზრუნველყოთ მინისტრის მოსვლა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია მისთვის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ - გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, ბრძანება სასამართლომ შეაჩერა - თუმცა, იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის საქმიანობა არ აღუდგენია.