logo
ENG



რა ხდება მთიან ყარაბაღში - განახლებადი

28 სექ 202017:00
3 წუთის საკითხავი
 
რა ხდება მთიან ყარაბაღში - განახლებადი

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. 

11 ოქტომბერი 

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის მხრიდან ქალაქების დაბომბვას იუწყებიან. აზერბაიჯანმა სომხეთი ღამით დიდ ქალაქებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და მიუთითა, რომ ამ ქვეყანამ დაარღვია მოსკოვში 10 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებამ თქვეს, რომ სომხეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ქალაქ განჯაში 9 მოქალაქე დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. 

აზერბაიჯანისვე ცნობით, სომხებმა დაბომბეს ქალაქი მინგაჩევირი.მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა უარყვეს განჯაზე თავდასხმა და თქვეს, რომ ისინი იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მათივე განცხადებით, ღამის განმავლობაში აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს სტეპანაკერტზეარწახის რესპუბლიკის მთავარ ქალაქზე, ასევე, ზავის დარღვევა შეეხო სხვა სოფლებსაც. 

10 ოქტომბერი 

10 ოქტომბერს მოსკოვში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტი 10-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ გაფორმდა, თუმცა, მოლაპარაკების პროცესშიც ორივე მხარე ერთმანეთის მხრიდან დაბომბვასა და სამხედრო იერიშზე ლაპარაკობდა. 

6 ოქტომბერი

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის საზღვართან სომხეთის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

აზერბაიჯანის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა სომხეთის სტრატეგიულ-სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. ზაკირ გასანოვმა არმიას უბრძანა, გამოიყენონ ყველა არსებული ტექნიკა. 

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის განცხადებით კი, აზერბაიჯანმა შეტევა უკვე დაიწყო და არსებულ ვითარებას ჯოჯოხეთი უწოდა. 

საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის საზღვართან, საკომუნიკაციო ხაზზე მიმდინარეობს. 

 

შუშან სტეფანიანის თქმით, აზერბაიჯანი შეტევას ტანკებით, ავტომატებით - დიდი სამხედრო შეიარაღებით ახორციელებს. მისი თქმით, აზერბაიჯანი იგნორირებას უკეთებს ირანის უსაფრთხოებასაც. 

***

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის თქმით, საერთაშორისო მოწოდებების შემდეგ, შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შედარებით მშვიდობიანი ღამე იყო. 

 

მისი განცხადებით, კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, მთლიანი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაეკისრება. 

5 ოქტომბერი 

***

შუშან სტეფანიანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხურმა მხარემ აზერბაიჯანული ქვედანაყოფი თითქმის მთლიანად გაანადგურა, დაიღუპა 200-ზე მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მისი განცხადებით, დანარჩენებმა თავს გაქცევით უშველეს. 

 

სტეფანიანის თქმით, მათ ტაქტიკას მიმართეს - შექმნეს განცდა, რომ ტერიტორიები მიატოვეს და მაშინ, როცა აზერბაიჯანულმა მხარემ ამ ადგილების დაკავება სცადა, ისინი ალყაში მოაქციეს. 

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ამბობს, რომ 5 ოქტომბერს აზერბაიჯანმა დაიკავა სოფლები: შიხალი გალი, სარიჯალი, ჯებრაილის რაიონის მაზრა და რამდენიმე სტრატეგიული სიმაღლე. 

*** 

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის ცნობით, აზერბაიჯანმა არცახის მიმართულებით თავდასხმები განაახლა.

მისი განცხადებით, თავდასხმა ქალაქ სტეფანაკერტზე მიმდინარეობს. 

 

ასევე, სტეფანიანის განცხადებით, აზერბაიჯანი მტკიცებულებების გარეშე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთი თავს დაესხა ხიზის და აბშერონის რეგიონებს. შესაბამისად, "მორიგი ტყუილი აჩვენებს, რომ პროვოკაციებისთვის ნიადაგს აზერბაიჯანი ამზადებს". 

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, შესაბამისად, აუცილებელია საპასუხო ზომების მიღება. 

4 ოქტომბერი 

***

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთს მოსთხოვა, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის გასვლის განრიგის გაწერა მოსთხოვა. მისი თქმით, აზერბაიჯანი ამას უკვე 30 წელია, ელოდება. "მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა. ჩვენ ის უნდა დავიბრუნოთ და დავიბრუნებთ კიდეც". - თქვა ალიევმა. 

*** 

აზერბაიჯანის ცნობით, ქალაქ განჯაში სომხეთის თავდასხმის შედეგად 1 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, 4 მოქალაქე კი დაშავდა, ასევე განადგურებულია რამდენიმე კულტურულ-ისტორიული ნაგებობა.

***

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის ცნობით დღეს, 4 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე სომხეთის გაერთიანებულმა არმიამ მტრის სამი საფრენი აპარატი და 2 საბრძოლო ტანკი გაანადგურა. 

***

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ამბობს, რომ ბოლო 24 საათში ბრძოლაში 51 ჯარისკაცი დაიღუპა. 

პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს და ვიდეომასალებს, რომ მათი ჯარი ყაბარაღის ტერიტორიებს იკავებს. 

***

საფრანგეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა აზერბაიჯანს და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ეს ქვეყნები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან. ჯგუფი 1992 წლიდან არსებობს და სწორედ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება. 

30 სექტემბერი 

ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყანამ, საფრაგნეთმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში დაიწყებს კოორდინაციას ჯგუფთან, რათა გაარკვიონ, რა მოხდა, ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე და მოძებნონ გამოსავალი. 

***

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. 

პომპეო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება, სადაც, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტი განიხილა. 

 

"მე და მინისტრი მივმართავთ მთიან ყარაბაღში დაპირისპირებულ ორივე მხარეს - მათ უნდა შეწყვიტონ ძალადობა, იმუშაონ ეუთოს მინსკის ჯგუფთან ერთად და რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს". - თქვა პომპეომ

*** 

სომხური მედიის ცნობით, რომელიც თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვის უწყებას ეყრდნობა, ბოლო დღე-ღამეში აზერბაიჯანულმა მხარემ 130 ჯარისკაცი დაკარგა. აზერბაიჯანი მსგავს მონაცემებს არ აქვეყნებს. 

29 სექტემბერი

სომხეთის პრემიერმინისტრის მრჩეველმა, შუშან სტეფანიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა 2 თურქული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

***

გაეროს უშოშროების საბჭო მთიანი ყარაბაღის საკითხს დახურულ კარს მიღმა დღეს, 29 სექტემბერს განიხილავს. 

***

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავიშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით არის როგორც მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე ბრძოლის ველზე. 

***

ალ ჯაზირას ცნობით, აზერბაიჯანის მებრძოლთა რიგებში კიდევ 26 ჯარისკაცი დაიღუპა, ჯამში 84. 

ასევე, ალ ჯაზირა აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვი 11-ია. მათგან 9 აზერბაიჯანში დაიღუპა, 2 - სომხეთში.

***

სომხეთის პრემიერმინისტრის სპიკერმა, შუშან სტეფანიანმა ფეისბუქზე დაწერა: 

"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ვარდენისის ნაწილს, ასევე, გამოიყენეს საჰაერო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გაისროლეს აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართულებით სომხეთიდან. ამგვარად, მტერი შეეცადა ნიადაგი მოემზადა თავისი შემდგომი მოქმედებების გასამართლებლად.

 

დაელოდეთ მკაცრ პასუხს". 

28 სექტემბერი

სომხეთის ცნობით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ თურქეთი ყარაბახის კონფლიქტში, აზერბაიჯანის სასარგებლოდ ამბოხებულ სირიელ მებრძოლებს გზავნის. აზერბაიჯანმა ბრალდება უარყო. 

***

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არაქსის ხეობაში ახალი, ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა. სომხეთის ცნობით, ყარაბაღის თავდაცვის ე.წ. არმიამ წარმატებით მოიგერია ყველა შეტევა, მოწინააღმდეგემ კი მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, განადგურდა აზერბაიჯანელების 22 ტანკი და 370-ზე მეტი სამხედრო. 

***

სომხური მხარის ცნობით, დღეს, 28 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში 28 ჯარისკაცი დაიღუპა. მათი უმეტესობა 2000 წლის შემდეგ იყო დაბადებული.

სულ კონფლიქტში სომხეთმა 59 ადამიანი დაკარგა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც. 

აზერბაიჯანს დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

*** 

28 სექტემბერს განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. 

სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სტივენ ბიგუნი ტელეფონით ელაპარაკა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოჰრაბ მნაცაკანიანს, რათა დაერწმუნებინა ისინი, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, გამოიყენონ, მათ შორის, არსებული პირდაპირი საკომუნიკაციო კავშირები შემდგომი ესკალაციის და უშედეგო რიტორიკის თავიდან ასაცილებლად და ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას.

აშშ-მ ასევე განაცხადა, რომ მესამე მხარე კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს, ვინაიდან ეს მხოლოდ გააძლიერებს რეგიონში არსებულ დაძაბულობას. 

***

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა განცხადება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეფეჯ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს.

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.

***

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო.  კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.  

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს. 


close დახურვა