ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების დაკავება ქვეყნის "შიდა საქმეა", ამ თემის პოლიტიზება და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა კი "ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება":
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საქმის გამოძიება კონკრეტული მოხელეების, თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა. ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ, ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზირება, მითუმეტეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა.
ნებისმიერი ასეთი მცდელობა მხოლოდ მათი ავტორების, რეალური ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება", - თქვა კალაძემ ამ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, "საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული". კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ივერი მელაშვილმა ფორმულასთან არაერთხელ თქვა, რომ რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის და საზღვრის დამდგენი კომისიის საკითხის წამოწევის უკან "შესაძლოა, სხვა ინტერესები იდგეს".
ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, "შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს".
ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.